ზემო ფონიჭალის N23 კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახი დროებით საცხოვრებლებში დღესვე დაბინავდება
დედაქალაქის მერიამ ზემო ფონიჭალაში, N23 კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახისთვის დროებითი საცხოვრებელი ფართები უკვე მოიძია და ისინი დღესვე დაბინავდებიან. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
ირაკლი ბენდელიანმა გარდაცვლილების ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ პირველი რიგის გადაუდებელი სამუშაოები უკვე დასრულდა.
„მინდა, გარდაცვლილების ოჯახს მივუსამძიმრო. ეს არამარტო ამ ოჯახის, არამედ მთელი ქალაქის და ქვეყნის ტრაგედიაა. უკვე დასრულდა პირველი რიგის გადაუდებელი სამუშაოები. რაც შეეხება ამ კორპუსში მცხოვრებ ოჯახებს, გამგეობა და დედაქალაქის მერია მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. ყველას უზრუნველვყოფთ საჭირო სახსრებით, სასტუმროთი და რისი გაკეთებაც შესაძლებელია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. 28 ოჯახთან შედგა კომუნიკაცია. მათთვის ნაპოვნია შესაბამისი ფართები, ოჯახის წევრებს მივცემთ საშუალებას, რომ გამოიტანონ პირადი ნივთები, დავაბინავებთ და არავინ დარჩება ყურადღების გარეშე“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
ზემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დღეს დილით მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე სართული დაზიანდა.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. ამასთან, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირია მოთავსებული, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. მაშველები აფეთქების ადგილზე დედა-შვილს დაახლოებით შვიდი საათი ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში დაღუპულები იპოვეს.