ზაზა შათირიშვილი - შენი ქვეყნის ინტერესებს არავინ დაიცავს, თუ თავად ამ ქვეყნის ხელისუფლება და საზოგადოება არ დგას სადარაჯოზე, ჩვენი ბედი სხვისთვის რომ მიგვენდო, ცხელი ომი გვექნებოდა გარანტირებული
ზაზა შათირიშვილი - შენი ქვეყნის ინტერესებს არავინ დაიცავს, თუ თავად ამ ქვეყნის ხელისუფლება და საზოგადოება არ დგას სადარაჯოზე, ჩვენი ბედი სხვისთვის რომ მიგვენდო, ცხელი ომი გვექნებოდა გარანტირებული

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების გუშინდელი წერილით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რაც არაერთხელ ვთქვი – ევროპაში თავისუფალი მედია აღარ არსებობს და ევროპული მედიასაშუალებები საბჭოთა სტილის ცენზურის ქვეშ მოქმედებენ, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ანალოგიური ვითარება ახსოვთ 2004-12 წლების საქართველოში, სადაც, სრული მედიამონოპოლიის პირობებში, ჭიანჭველას სპილოდ ძალიან მარტივად წარმოაჩენდნენ“.

„რამდენჯერმე ხსნიდნენ ერთსა და იმავე გზას თუ საწარმოს და ამტკიცებდნენ, რომ მსგავსი მასშტაბის აღმშენებლობა საქართველოს დავით აღმაშენებლის დროსაც კი არ ჰქონია. ბევრს ემახსოვრება, კლიპებით როგორ გვიჩვენებდნენ „აქსის თაუერის“ მშენებლობას და გვიცხადებდნენ, რომ მისი ფუნდამენტის მოსამზადებლად ლამის ბომბეიმდე უწევდათ მიწის ამოღება, როცა ჯერ მშენებლობა დაწყებულიც კი არ იყო. სხვათა შორის, იმ მშენებლობის დასრულება საბოლოოდ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციის წყალობით გახდა შესაძლებელი. „ნაცმოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიებს გასდევდა კომუნისტური სტილის ყალბი ლოზუნგი – არ შეაჩეროთ მშენებლობა! მონოპოლიური მედიის ნარკოტიკული ზემოქმედება იმდენად ძლიერი იყო, რომ აღმშენებლობის ბუმის ყალბი აღქმის გავლენის ქვეშ „ნაცმოძრაობის“ ათეულობით ათასი ამომრჩეველი დღემდეა დარჩენილი.

დღეს, როდესაც გზების, საწარმოების, სასტუმროების თუ სხვა ობიექტების მშენებლობის ტემპი ხუთჯერ და ათჯერ არის გაზრდილი, მოქმედი ხელისუფლება ამით ჭარბად არ ტრაბახობს, რასაც თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, თუმცა, საბოლოოდ, ეს ყველაფერი საქართველოში სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. საზოგადოება ეჩვევა აზრს, რომ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა არა ხელისუფლების წყალობა, არამედ მისი ვალდებულებაა“, – აღნიშნავს ზაზა შათირიშვილი.

მისივე შეფასებით, მონოპოლიზებული მედიის შედეგია ის სტერეოტიპებიც, რომლებიც თავის დროზე საზოგადოებას საგარეო პოლიტიკასა და 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჩამოუყალიბეს.

„საზოგადოება დააჯერეს, რომ არსებობს თეთრი დასავლეთი და შავი რუსეთი ყოველგვარი შუქ-ჩრდილების გარეშე. სინამდვილეში, პოლიტიკა სიბინძურეა, დიდი პოლიტიკა კი – დიდი სიბინძურე. დიდ პოლიტიკაში არ არსებობენ ეშმაკები და ანგელოზები და აქ ყველა მოქმედებს თომას ჰობსისეული პრინციპით – კაცი კაცისთვის მგელია.

ყველას კარგად გვახსოვს, რა ამბავი დააწიეს სალომე ზურაბიშვილს, როდესაც მან მხოლოდ ის გაიმეორა, რასაც „ნაციონალები“ ევროსაბჭოს რეზოლუციაში საკუთარი ხელით დაეთანხმნენ – 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო. ყველაფერი მცირე პროვოკაციებით დაიწყო, თუმცა როდესაც სააკაშვილმა პუტინი ამ პროვოკაციებზე ვერ წამოაგო, ის, როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, მძინარე ცხინვალს დაესხა თავს და საქართველოს მიერ აღიარებული მანდატის ქვეშ მოქმედი რუსი მშვიდობისმყოფელებიც იმსხვერპლა. ამ ყველაფრის შემდეგ სრულიად ცხადი გახდა, რომ პუტინი სახის შესანარჩუნებლად ომში ჩაერთვებოდა და სააკაშვილს პასუხს დაუბრუნებდა.

ყველას კარგად ესმის, რომ სააკაშვილი ამერიკელების აგენტია და მათ გარეშე ნაბიჯს ვერც 2008 წელს გადადგამდა. 2008 წლის ომით ამერიკამ დიდი სარგებელი ნახა. მანამდე პუტინს სრულიად სუფთა რეპუტაცია ჰქონდა, არცერთი საგარეო ომი არ ჰქონდა წარმოებული და რუსეთის ეკონომიკურ განვითარებასა და ევროპასთან კავშირების გამყარებაზე იყო მთლიანად კონცენტრირებული, რასაც წარმატებით ახერხებდა კიდეც. პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ, 2000 წლიდან 2008 წლამდე რუსეთის ეკონომიკა 196 მილიარდიდან 1.7 ტრილიონამდე გაიზარდა, რამდენიმე უცხო ენაზე მოსაუბრე პუტინი კი ევროპაში მიღებული და პატივსაცემი კაცი გახდა. რუსეთის განვითარება მეზობელ ქვეყნებზეც, მათ შორის საქართველოზეც დადებითად აისახა და ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები საქართველოს სწორედ 2000-2007 წლებში ჰქონდა. იგივე ეხება ევროპასაც, რომელმაც რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე წვდომით უდიდესი ეკონომიკური სარგებელი მიიღო და რომლის ეკონომიკა იმავე 2000-2007 წლებში უპრეცედენტოდ, ორჯერ გაიზარდა.

ამერიკელებმა ევროპა და რუსეთი ერთმანეთს პირველად სწორედ 2008 წლის ომით დააშორეს, რამაც ევროპისა და რუსეთის ეკონომიკური ზრდის შეჩერება გამოიწვია. პირველად მაშინ დააზიანეს პუტინის იმიჯიც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს არაპროვოცირებულს არავინ უწოდებდა. 2008 წელს მკვეთრად დააშორეს რუსეთი საქართველოსაც, რამაც ჩვენს ქვეყანას მრავალმხრივი ზიანი მოუტანა. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვასა და აფხაზეთისა და სამხრეთის ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ ომმა საქართველოს ეკონომიკა და რუსეთში მცხოვრები მილიონამდე ქართველი უმძიმესად დააზარალა. აქვე ვიტყვი, რომ ხვალ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი რომ დადგეს დღის წესრიგში, ამის ჩაშლას პირველები სწორედ ამერიკელები შეეცდებიან.

ამერიკელებს ამ ყველაფრისთვის გარკვეულწილად ვერც გაამტყუნებ. მათ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და როგორც უკვე ვთქვი, „კაცი კაცისთვის მგელია“-ს პრინციპით მოქმედებენ. მათი გამტყუნება მხოლოდ იმაში შეიძლება, რომ ამ ყველაფერს ისინი ძალიან უხეში ფორმითა და მეთოდებით აკეთებენ და საკუთარი მიზნების მისაღწევად, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლის გაწირვასაც კი არად დაგიდევენ. დღეს ამერიკელები სრულად აკონტროლებენ ევროპაში პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და მედიას. როდესაც კეტავ სიტყვის თავისუფლებას, ყველაფრის გაყიდვა შეგიძლია. ასე მარტივად გაყიდეს მათ შარშან ევროპის თვითგანადგურებაც, რაზეც, ევროპულ ისტებლიშმენტთან ერთად, ევროპის მოსახლეობასაც იოლად მოაწერინეს ხელი.

ევროპარლამენტი, რომელიც ევროპული აგენტოკრატიის ყველაზე სათაკილო რგოლია, თავისი რეზოლუციებით სწორედ ამერიკელების პოლიტიკურ გეგმებს ემსახურება. თუმცა, ისინი იმას ვეღარ თვლიან, რომ დღეს საქართველოში მედია თავისუფალია და ამ პირობებში საქართველოში მათი გეგმების რეალიზება ისეთი მარტივი აღარ არის, როგორც ეს 2012 წლამდე იყო. თავისუფალი მედიის პირობებში ვეღარ გაყიდი აზრს, რომ მსხვერპლი არა სანდრო გირგვლიანი ან ვალერი გელაშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილია. ნებისმიერ ასეთ სიცრუეს, თავისუფალი მედიის წყალობით, საქართველოში მარტივად გაეცემა პასუხი.

ბოლოს, ვიტყვი, რომ შენი ქვეყნის ინტერესებს არავინ დაიცავს, თუ ამ ინტერესების სადარაჯოზე თავად ამ ქვეყნის ხელისუფლება და საზოგადოება არ დგას. ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე არავინ იზრუნებს, თუ ეს ჩვენ თავად არ გავაკეთეთ. ჩვენი ბედი სხვისთვის რომ მიგვენდო, შარშან და წელს საქართველოში ჯერ – ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა, შემდეგ კი ცხელი ომი გვექნებოდა გარანტირებული. აგენტოკრატიის პირობებში ქვეყნისთვის უმძიმესი ზიანი გარდაუვალია, რაც 2004-12 წლის გამოცდილებამ ყველაზე კარგად გვიჩვენა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამერიკელების თამაშებს არ ავყვეთ, სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ და ქვეყანა მათი აგენტურის ხელით გასანადგურებლად არ გავწიროთ. ილია ჭავჭავაძის შეგონება – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ არა მხოლოდ ლამაზი სიტყვებია, არამედ ჩვენი იდენტობის გულის გული“, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.