არ არის შესაბამისი მტკიცებულებები, რათა ვირწმუნოთ ბრალდების მხარის პოზიცია, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა.
„თუ ბრალდების მხარე, ჩვენ დაზარალებულ მხარესაც დაგვარწმუნებდა იმ პოზიციაში, რომელიც მათ აქვთ, არანაირი წინააღმდეგობის გაწევას არ ვაპირებდით. სააპელაციო სასამართლოში მიღებულ ჩვენებებშიც კი არაერთი წინააღმდეგობა იყო კონკრეტულ მოწმეებთან დაკავშირებით. იმედია მაქვს, სამართლიან განაჩენს მივიღებთ. კანონმდებლობით დაზარალებულს პროკურატურა წარმოადგენს, თუმცა ვიღებთ სურათს, როდესაც ეწინააღმდეგებიან დაზარალებული მხარე და პროკურატურა. პროკურატურა ჩვენს ინტერესებს არ იცავს“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
სააპელაციო სასამართლოში დღევანდელი სასამართლო პროცესი, რომელზეც ბრალდებისა და დაცვის მხარეებს დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ, ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე დაწყებიდან მალევე გადაიდო. შემდეგი პროცესი 20 მარტს 15:30 საათზე გაიმართება.