ზაზა სარალიძის ადვოკატი აცხადებს, რომ ცრუ ჩვენების მიცემა დაკავებული დ.ღ-ს გარდა, სხვა არასრულწლოვნების მხრიდანაც იკვეთება
ზაზა სარალიძის ადვოკატი აცხადებს, რომ ცრუ ჩვენების მიცემა დაკავებული დ.ღ-ს გარდა, სხვა არასრულწლოვნების მხრიდანაც იკვეთება

ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ დღეს დაკავებულმა დ.ღ-მ ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დ.ღ-ს ჩვენება რამდენჯერმე აქვს შეცვლილი, მათ შორის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დეტალები უარყო სასამართლოში დაკითხვისას. მან ასევე უარყო ის ინფორმაცია, რომ თავად შეხვდა ზაზა სარალიძეს“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ადვოკატის თქმით, დეტალების გარკვევა მნიშვნელოვანია, რადგან საქმეში იკვეთება ცრუ ჩვენებების მიცემა არამხოლოდ ამ არასრულწლოვნის, არამედ სხვა არასრულწლოვნების მხრიდანაც.

„მნიშვნელოვანია, გამოძიებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რათა დადგინდეს ყველა არასრულწლოვნის მონაწილეობა ამ საქმეში. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. ეს საქმე ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი“, – ამბობს ნესტან ლონდარიძე.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით შსს-მ დღეს არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავა.