ზაზა სარალიძე - პროკურორმა ერთ-ერთ შეხვედრაზე თავად წამოიყვირა მეორე მკვლელის გვარი
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ საქმის პროკურორმა ერთ-ერთ შეხვედრაზე თავად წამოიძახა, თუ ვინ არის მისი შვილის მკვლელობაში კიდევ ერთი დამნაშავე.
ზაზა სარალიძემ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხვისას, დეპუტატ ოთარ კახიძის კითხვას უპასუხა იმის შესახებ, აწვდიდა თუ არა ის გამოძიებას და პროკურორებს რეგულარულად მის ხელთ არსებულ ინფორმაციას.
ზაზა სარალიძემ მისი და ადვოკატ ნესტან ლონდარიძის თბილისის პროკურორის მოადგილესთან შეხვედრა გაიხსენა, რომელსაც მისივე თქმით, საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძეც ესწრებოდა.
„ვთქვი, რომ უკვე დადასტურებელი მაქვს, ვინც არიან ჩემი შვილის დანარჩენი მკვლელებითქო, მითხარიო და განვაცხადე, რომ ერთ-ერთი იყო მ.კ., მეორეო, მკითხა და მეორე თავად წამოიყვირა სახელი და გვარი. მეორე არის მღვდლის შვილზე მაქვს საუბარი – გ.მ. მე არც კი მაცალა ამ სახელი და გვარის დასახელება, თვითონვე წამოიყვირა – მეორე ალბათ ეს არისო, რა თქმა უნდა ეს არის, გცოდნიამეთქი“, – განაცხადა სარალიძემ.
მან საქმის პროკურორებთან ზვიად ფხაკაძეთან და იმედა (ინა) გუგუშვილთან ურთიერთობასა და მათთან შეხვედრებზე ისაუბრა. სარალიძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ინა გუგუშვილმა უთხრა, რომ თუ ბევრს ისაუბრებდნენ, საქმეზე უკვე დაკავებულებსაც გაათვისუფლებდნენ – „გუგუშვილის მიმართვა იყო ჩემს მიმართ ასეთი – თქვენ ბევრს თუ ილაპარაკებთ, ამათაც გამოვუშვებთ გარეთო“, – აღნიშნა სარალიძემ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დაზარალებულ ოჯახებსა და მათ ადვოკატებს გამოკითხავენ.