ზაზა სარალიძე - ვერავინ დამარწმუნებს, რომ წულუკიანმა და გახარიამ ეს საქმე არ იცოდნენ, კვირიკაშვილმა კი, პირდაპირ მინდა ვთქვა, ეს საქმე არ იცოდა
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა, საქმის დეტალებზე ინფორმირებული არ იყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვა ზაზა სარალიძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეპუტატმა სერგო რატიანმა დაუსვა – „თქვენ გქონდათ შეხვედრა პრემიერ კვირიკაშვილთან და ასევე, შს მინისტრ გახარიასთან. იცოდა თუ არა პრემიერმა ამ საქმის შესახებ და რაზე გქონდათ საუბარი გახარიასთან“, – ჰკითხა სარალიძეს რატიანმა.
როგორც მოკლული არასრულწლოვანის მამამ აღნიშნა, მისი აზრით, კვირიკაშვილი დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობდა.
„როგორც შევატყვე, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი არ იყო ინფორმირებული დეტალებზე. გახარიასთან კი, პირდაპირ მქონდა საუბარი იმაზე, რატომ არ შემხვდა ორი თვის წინ და პლიუს, ყველაზე ცუდი ის იყო, როცა იქ გახარიამ კვირიკაშვილს მიმართა – ბატონო პრემიერო, ჩვენ ამ საქმეს აღარ ვიძიებდითო, როდესაც თეა წულუკიანი გამოდის და ამბობს, რომ პირველივე დღიდან გამოყოფილია საქმე და შსს-ს მიერ არის ძიებაში.
ჯერ ერთმანეთში ჩამოყალიბდნენ ეს ჩინოვნიკები. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია, დეტალებზე ჩამოყალიბდნენ და მერე ისაუბრონ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ვერავინ დაარწმუნებს, რომ აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა ან იუსტიციის მინისტრებმა არ იცოდნენ.
„ვერავინ დამარწმუნებს, რომ წულუკიანმა ეს საქმე არ იცოდა, გახარიამ ეს საქმე არ იცოდა და კვირიკაშვილზე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ამ კაცმა ეს საქმე არ იცოდა და ძალიან დიდი შეცდომა იყო, თუ ხელისუფლება გადადგა იმისთვის რომ, ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმე გადაეფარათ. ძალიან ცუდია, მხოლოდ და მხოლოდ ჩემს შვილზე რომ აკეთებენ აქცენტებს, მაჩალიკაშვილი ვინ მოკლა? რატომ არ უნდა ვინმეს, რომ ამ კაცს პასუხი გასცეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომა მიმდინარეობს, სადაც დღეს დაზარალებული ოჯახები და მათი ადვოკატები გამოიკითხებიან.