ზაზა სარალიძე - სოლიდარობის აქცია გაგრძელდება, გენერალურ აქციას კი მოგვიანებით დავაანონსებ
გავაგრძელოთ მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია, მაგრამ რაც შეეხება გენერალურ აქციას, მოგვიანებით დავაანონსებ, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, აქციის მონაწილეებისადმი მიმართვის დროს განაცხადა.
სარალიძემ აქციაზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დილიდან გენერალურ ინსპექციაში მივა, სადაც მისი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომებზე ისაუბრებს.
„დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის არამარტო თქვენ, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც გაიზიარა ჩვენი ტკივილი. იმ ბავშვების ტკივილი, რომლებიც დაგვიხოცეს და დღესდღეობით პასუხს ვერ ვიღებთ. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, დღეს რა გადაცდომებიც ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს არამარტო რუსთაველის გამზირზე, არამედ სასამართლო შენობაშიც. გენერალური ინსპექცია ჩაყენებული მყავს საქმის კურსში, დაბარებული ვარ გამოკითხვაზე. დღეს ვეღარ ვასწრებ. დილიდან განვაახლებ გამოძიებასთან თანამშრომლობას, რათა ყველა ის პიროვნება იქნას პასუხისმგებლობაში მიცემული, ვინც ზედმეტად რაიმე გადაცდომა განახორციელა მშვიდობიანი მოსახლების მიმართ“, – აღნიშნა სარალიძემ.
მისი თქმით, მოთხოვნები უცვლელია და სურს, მინისტრებს, რომელთა გადადგომაც მოითხოვა, მოსაფიქრებლად გონივრული ვადა მისცეს.
„მინდა მოგიწოდოთ, რომ გავაგრძელოთ მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია, მაგრამ რაც შეეხება გენერალურ აქციას, მოგვიანებით დავაანონსებ. იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა წავიდეს ყველა ის გამოძიება, თუ რომელიმე პოლიციელმა რაიმე გადაცდომა ჩაიდინა. სოლიდარობის აქციები გაგრძელდება. ერთი კვირით გონივრული ვადა მინდა მივცე მინისტრებს, რომელთა გადადგომაც მოვითხოვეთ. ეს ძალაში რჩება. არანაირი გეგმები არ იცვლება. დღის წესრიგი უცვლელია. ვითვალისწინებ პანკისელი ძმების ვითარებას, რომ მათთან არის რელიგიური დღესასწაული რამადანი, რომელიც ამ კვირის ბოლოს სრულდება. კვირის ბოლოს აბსოლუტურად ყველა ერთად შემოგვიერთდება და განვაახლებთ საპროტესტო აქციებს და მსვლელობებს, რადგან ჭეშმარიტებამ აუცილებლად უნდა იზეიმოს. სოლიდარობის აქციები გრძელდება. არავინ არავის ზღუდავს. თუ მე საგამოძიებო უწყებაში არ ვიქნები დაბარებული, ამ აქციებს მეც შემოვურთდები“, – განაცხადა სარალიძემ.
აქციის მონაწილეებს მიმართა მალხაზ მაჩალიკაშვილმაც.
„ჩვენი საპროტესტო აქციები, სოლიდარობის მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება, სანამ ჩვენი ყველა მოთხოვნა არ შესრულდება. აქციები ერთი კვირით შეჩერდა, როგორც აღნიშნა ბატონმა ზაზამ“, – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.