ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მივიდა.
როგორც მან შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის გამოძიებასთან, პროკურატურასთან და ექსპერტებთან მიმართებაში თავის პრეტენზიებზე ისაუბრებს.
„გუშინწინ რაზეც ვიყავი, იგივე საქმის გამო ვარ ახლაც. ფაქტობრივად, იქით ვსვამ კითხვებს. რა პრეტენზიებიც გამაჩნია გამოძიებასთან, პროკურატურასთან, ექსპერტებთან იმაზე ვსაუბრობ.
ორი დღის წინ ვერ შევძელით, რომ აღნიშნული კითხვები ბოლომდე ჩამოგვეყალიბებინა. მათ მიერ დასმულ კითხვებსაც ვუპასუხებ სრულად და გულწრფელად“, – განაცხადა სარალიძემ.
ის მოითხოვს ყველას დაკავებას, ვინც მისივე თქმით, დანაშაულს ხელს აფარებდა და ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.
„გამომძიებლებიდან დაწყებული მთავარი პროკურორით დასრულებული და თუ ვინმე მასაც მფარველობდა, თუ ვინმე გამოიკვეთება ამ საქმეში ყველას დაკავებას ვითხოვ, მათ შორის არასრულწლოვნებისაც.
წესით, აქამდე უნდა მიეცათ ყველა პასუხისგებაში და ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგამენ“, – ამბობს სარალიძე და აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია დაკითხულთა სია.
ამასთან, ის მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მცდარი გზით მიდის.
„თავიანთი გადასახედიდან შეიძლება სწორ გზას ადგანან. ფაქტია, რომ რა მოცემულობაც ჰქონდა პროკურატურას, იგივე მოცემულობის გატანა სურთ სააპელაციოში. სიმართლე გითხრათ, საფუძველს ვერ ვხედავ აწი შესვლის, მაგრამ მაინც მივაწვდი ყველა ინფორმაციას და ვნახოთ, რა იქნება“, – განაცხადა სარალიძემ.