ზაზა სარალიძე - პროკურორმა გუგუშვილმა მითხრა, რომ თქვენ ბევრს თუ ილაპარაკებთ, ამათაც გარეთ გამოვუშვებთო
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მისი გამოკითხვა მიმდინარეობს, საქმის პროკურორებთან ურთიერთობაზე და აღნიშნული საქმის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
სარალიძეს პროკურორებთან და გამომძიებლებთან ურთიერთობის შესახებ კითხვა კომისიის მდივანმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ დაუსვა.
ზაზა სარალიძის თქმით, თავიდან მას საქმის პროკურორებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა და გამოძიებას ენდობოდა, არც უფიქრია, რომ მსგავსი სასტიკ დანაშაულს, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა, ვინმე ხელს დააფარებდა. საუბარია საქმის პროკურორებზე ზვიად ფხაკაძესა და იმედა (ინა) გუგუშვილზე.
თუმცა, ზაზა სარალიძემ პროკურორებთან ერთ-ერთი შეხვედრა გაიხსენა, რომელიც მისი თქმით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში შედგა და, რომელსაც ზაზა სარალიძის მამა ფრიდონ სარალიძეც ესწრებოდა.
„ამ შეხვედრაზე ისევ ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ გ.ჯ-მ მოკლა ჩემი შვილი. სიმართლე გითხრათ, ამას ძალიან ემოციურად არ შევხვედრივარ, რადგან მე სიმართლე უკვე ვიცოდი და ვიფიქრე, რომ ალბათ, დაადგენდნენ ჭეშმარიტებას. მამაჩემი ამან მწყობრიდან გამოიყვანა. თავიდან არც ვფიქრობდი იმას, რომ არ უნდოდათ ეპოვათ დამნაშავეები, არ მქონდა იდეაში ასეთი რამ“, – განაცხადა სარალიძემ.
მისი თქმით, ისინი საუბრობდნენ ურთიერთგამომრიცხავ დეტალებზე. სარალიძის განცხადებით, მხოლოდ ის ერთი ადამიანი ვერ იქნებოდა მისი შვილის მკვლელი და ვერ მიაყენებდა 12 ჭრილობას.
„გუგუშვილის მიმართვა იყო ჩემს მიმართ ასეთი – თქვენ ბევრს თუ ილაპარაკებთ ამათაც გამოვუშვებთ გარეთო. ჩემი პირდაპირი პასუხი იყო – გამოუშვით, პრობლემა არ არის, თუ დანარჩენი მკვლელები გარეთ უნდა იყვნენ, რა აზრი აქვს ერთი და ორი ადამიანის დაკავებას“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ და აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას მამამისიც დაადასტურებს, რომელიც აღნიშნულ სიტყვებზე ძალიან განაწყენდა.
ზაზა სარალიძის თქმით, ის სწორედ ამ სიტყვების შემდეგ მიხვდა, რომ საქმის სრულფასოვნად გამოძიებას ან არ აპირებდნენ, ან რაღაც სხვა ხდებოდა.
„ამ სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ ცოტა რთულად იყო საქმე და ან არ აპირებდნენ სრულფასოვნად გამოძიებას, ან რაღაც ხდებოდა, მაგრამ იმედი მაინც არ დამიკარგავს, მაინც ვენდობოდი პროკურატურას. მართალია, ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცებს ამბობდნენ, მიმტკიცებდნენ, რომ მხოლოდ გ.ჯ.-მ მოკლა ჩემი შვილი. ამიღწერა კიდეც ზვიად ფხაკაძემ, დაახლოებით როგორ შეიძლებოდა დაერტყა 12-ჯერ ჩემი შვილისთვის“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ გამოკითხვაზე.
მან საქმის პროკურორებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიხსენა, რომელიც მისივე განცხადებით, მაისში შედგა. შეხვედრას ესწრებოდა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძეც, რომელიც ზვიად ფხაკაძესთან საუბრობდა, თავად კი, გუგუშვილს ესაუბრებოდა.
„მე ინა გუგუშვილს მივმართე – ფაქტიურად, დამთავრებულია პროცესები, სიმართლე გარკვეულია და დამტკიცებულია, ჭეშმარიტება დამტკიცებულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, სასამართლოზე არ არის დამტკიცებული. იმედა გუგუშვილს, როცა ვუთხარი, რომ თუ სიმართლეს არ დავადგენთ, შესაძლებელია „მალალეტკების“ ომი დაიწყოსმეთქი, ასეთი პასუხი გამცა – ეგ ჩემი პრობლემა არ არის, დაიწყოს, არ არის პრობლემაო“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ და აღნიშნა, რომ ამ პასუხმა ძალიან გააღიზიანა.
მისივე თქმით, ასევე არაერთი ფაქტი იყო გუგუშვილის მხრიდან სასამართლო პროცესზე ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილზე ზეწოლის.
„არაერთი ფაქტი იყო გუგუშვილის მხრიდან, მაია ნიკოლეიშვილზე სასამართლო პროცესზე პირდაპირ ზეწოლა წავიდა. როგორ უხეშად იქცეოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ, ტაქტიკა აქვს ამ ადამიანს, ცოტა დამაშინებელი ჟესტიკულაციით ესაუბროს ხალხს, რადგან ან დააბნიოს მოწმე, ან შეაშინოს, ან რამე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მოკლული არასრულწლოვანის მამამ თბილისის პროკურორის მოადგილესთან შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელსაც მისივე თქმით, საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძეც ესწრებოდა.
„ვთქვი, რომ უკვე დადასტურებელი მაქვს, ვინც არიან ჩემი შვილის დანარჩენი მკვლელებითქო, მითხარიო და განვაცხადე, რომ ერთ-ერთი იყო მ.კ., მეორეო, მკითხა და მეორე თავად წამოიყვირა სახელი და გვარი. მეორე არის მღვდლის შვილზე მაქვს საუბარი – გ.მ. მე არც კი მაცალა ამ სახელი და გვარის დასახელება, თვითონვე წამოიყვირა – მეორე ალბათ ეს არისო, რა თქმა უნდა ეს არის, გცოდნიამეთქი“, – განაცხადა სარალიძემ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დაზარალებულ ოჯახებსა და მათ ადვოკატებს გამოკითხავენ.