ზაზა სარალიძე - პოლიტიკა არასდროს არ იქნება ჩემ უკან, მოვუწოდებ ხალხს და არა პოლიტიკურ პარტიებს, დამიდექით გვერდით
ზაზა სარალიძე - პოლიტიკა არასდროს არ იქნება ჩემ უკან, მოვუწოდებ ხალხს და არა პოლიტიკურ პარტიებს, დამიდექით გვერდით

ამ დღეებში გაისმის, რომ მე რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას მივყიდე ჩემი შვილის სული, არ დავუშვებ ამას. მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს და არა პოლიტიკურ პარტიებს, ქართველებო დამიდექით გვერდით, რათა ამ უსამართლო ქვეყანაში მივაღწიოთ სამართლიანობას – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, აქვს ინფორმაცია, რომ თბილისის სხვადასხვა ქუჩაში არის აქციები და პარლამენტის შენობის წინ იმის გამო არ მიდიან, რომ იქ პოლიტიკოსები დგანან.

„ნუ ცდილობს მთავრობა და სუს-ი, რომ ეს ტრაგედია გააიგივოს პოლიტიკასთან. ნუ მესმის რეპლიკები, რომ პოლიტიკა დგას ჩემ უკან – არა პოლიტიკა არასდროს არ იქნება ჩემ უკან. დღეს ისევ ცდილობს სისტემა, რომ მომატყუოს, თითქოს საქმე გამოსაძიებლად გახარიასთან წავა. გახარიას ორი თვის წინ ვემუდარებოდი, მოდი და შემხვდი-თქო. დღესაც არ მაქვს მისგან გამოხმაურება, ვენდო მე მაგათ? დღეს სისტემა უნდა დაინგრეს აუცილებლად. ჩვენი შვილების მკვლელების სისტემა უნდა დაინგრეს დღეს. კერძო ექსპერტებმა, რომელმაც ფარდა ახადა იმ ჭეშმარიტებას, რასაც მალავდა პროკურატურა და სამხარაული, დღეს მაია ნიკოლეიშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა გამოაცხადეს. დევნიან მაია ნიკოლეიშვილს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.