ზაზა სარალიძე პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს 2 ივნისს შეხვდება
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს 2 ივნისს შეხვდება.
როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, ის სოფიო კილაძეს უკვე ესაუბრა. შეხვედრის ზუსტი დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„სოფიო კილაძეს ჩემს უფლებადამცველებთან ერთად შევხვდები. ამასთან დაკავშირებით მას პრობლემა არ აქვს და მზად არის, შეხვედრა ნებისმიერი ადამიანის თანდასწრებით შედგეს. რაც შეეხება ბატონ შოთაძეს, მასთან შეხვედრას ვაპირებ, ოღონდ მათი ულტიმატუმებით არა, არამედ უკვე მე ვისაც ჩავთვლი საჭიროდ, რომ ჩემ გვერდით უნდა იდგეს, მათი თანდასწრებით შევხვდები და არ ვაპირებ მაგათ პრეტენზიებზე ვიარო“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილების გამოცხადებას დღეს, 11:00 საათისთვის გეგმავს.
პროკურატურამ და დაცვის მხარემ პროცესზე დასკვნითი კითხვები უკვე წარმოთქვეს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.