ზაზა სარალიძე - ვნახოთ, როგორ დაამტკიცებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას
ზაზა სარალიძე - ვნახოთ, როგორ დაამტკიცებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას

სასამართლო პროცესები წინ არის, ვნახოთ, როგორ დაამტკიცებს პროკურატურა ბრალს, რომლითაც დაკავებულია მიხეილ კალანდია, – ამის შესახებ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად იბრძოდა და ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ სამართალმა უნდა იზეიმოს. მივესალმები ამ ნაბიჯს, მაგრამ სასამართლო პროცესები წინ არის, ვნახოთ, პროკურატურა როგორ დაამტკიცებს იმ ბრალეულობას, რა ბრალიც წარუდგინა მიხეილ კალანდიას. იქ არაერთ პიროვნებას ჰქონდა კიდევ ჩადენილი დანაშაული და აუცილებლად ყველა უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული. ბრძოლა გრძელდება და ეს არ სჭირდება მხოლოდ ზაზა სარალიძეს და ზაზა სარალიძის შვილს, არამედ სჭირდება ჩემი შვილის მეგობრებს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ საქართველოს პირველ არხთან. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დღეს დააკავა.

სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გუშინ განაჩენი გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განცხადების თანახმად, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დ.ს.-ს (დავით სარალიძე) განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.