ზაზა სარალიძე მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ვადას 10 ივნისამდე აძლევს
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ვადას 10 ივნისამდე აძლევს. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე რჩება.
„თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, აბსოლუტურად იმავე პოზიციაზე ვრჩები, რომ სისტემა უნდა ჩამოიშალოს“, – განაცხადა სარალიძემ.
ზაზა სარალიძის თქმით, ხელისუფლებას ვადა 10 ივნისამდე აქვს.
„აბსოლუტურად ყველა პირი უნდა იყოს დაკავებული, ვინც იყო მკვლელი; ვინც დანაშაული ჩაიდინა; რომელმა გამომძიებელმა რა დანაშაული ჩაიდინა; რომელმა პროკურორმა რა დანაშაული ჩაიდინა; ვინ მფარველობდა ამ პროკურორებს; ვინ მფარველობდა გენპროკურორს და აბსოლუტურად ყველა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისი თქმით, ის დააკვირდება ამ დღეების განმავლობაში, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება, თუმცა ამის პარალელურად აქციები კვლავ გაგრძელდება.
„შევხედავ კონკრეტულ ნაბიჯებს 10 ივნისამდე ამ დღეების განმავლობაში. იგივე პოზიცია მაქვს, მე არც სახლში ვაპირებ წასვლას. იგივე პოზიცია მაქვს ამ წუთშიც და ბოლომდეც. რა თქმა უნდა, პარალელურად აქციები გაგრძელდება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
კითხვაზე, თუ რა საბოლოო სიტყვა უთხრა პრემიერმა მას, როგორც სარალიძემ აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გადადგება თუ არა თანამდებობიდან.
„საბოლოო სიტყვა ის მითხრა, მე გადავდგები თუ არა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვსო, მაგრამ კონკრეტული მოთხოვნები წაყენებული გვაქვს გადადგომასთან დაკავშირებით, 10 რიცხვამდე თუ კონკრეტულ ნაბიჯებს არ დავინახავთ, აქედანვე მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველას, მთელ საქართველოს“, – განაცხადა სარალიძემ.
ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დღეს შეხვდა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, სარალიძის ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და ზაზა სარალიძის მეუღლე ესწრებოდნენ.
მანამდე, პრემიერ-მინისტრი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ადვოკატს შეხვდა, ახლა კი, გიორგი კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას, დავით დადუნაშვილს და მის ადვოკატს ხვდება.