გიორგი კვირიკაშვილი ლევან დადუნაშვილის მამას ხვდება
გიორგი კვირიკაშვილი ლევან დადუნაშვილის მამას ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ლევან დადუნაშვილის მამას, დავით დადუნაშვილს ხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას დადუნაშვილის ადვოკატი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, შს მინისტრი გიორგი გახარია და  მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე ესწრებიან.

პრემიერ-მინისტრი უკვე შეხვდა პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავდა. დღეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში პირველ არხს განუცხადეს, რომ გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთადაც.

ცოტა ხნის წინ, ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციის წინ მივიდა, თუმცა განაცხადა, რომ პრემიერთან მარტო შეხვედრას არ აპირებდა.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.