ზაზა სარალიძე - მთავარ პროკურორს იმ ადამიანებთან ერთად შევხვდები, რომელსაც მე დავუსახელებ
ზაზა სარალიძე - მთავარ პროკურორს იმ ადამიანებთან ერთად შევხვდები, რომელსაც მე დავუსახელებ

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დაზარალებულ ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მზად არის, ​შეხვდეს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, თუ შეხვედრას მის მიერ დასახელებული პირებიც დაესწრებიან.

„ექვსი თვეა, პროკურორების დაკრულზე ვიცეკვე, რომლებიც მატყუებდნენ და არანაირი სურვილი არ მაქვს, ირაკლი შოთაძეს მხოლოდ ჩემ ადვოკატთან ერთად შევხვდე. თავად უნდათ პროკურორების ჯგუფის შექმნა, მე ჩემს ჯგუფს შევქმნი. ეს ადვოკატი იქნება თუ ჩემი ოჯახის წევრი, მომისმინონ ისე. არ ვაპირებ, დახურულ ჯგუფში მაგათთან ჯდომას. იმ ადამიანებთან ერთად შევხვდები, ვინც იმ დღეს გამიხარდება – ეს შეიძლება იყოს ზვიად კუპრავა, ნესტან ლონდარიძე. ზვიად კუპრავა არის ჩემი უფლებადამცველი, თუ ვინმე კიდევ დამატებით გამოხატავს ჩემთან ერთად დამატებით საუბრის სურვილს, არავის ვეტყვი უარს. არ ჰქონდეს შოთაძეს იმის ილუზია, რომ მე კანონებით მელაპარაკოს და კაპანაძემ გაასაჯაროოს ჩემი შვილის ტანსაცმელი. რას ქვია, მე ვისჯები კანონით და იგი არ ისჯება. მე ჩემი შვილის ტანსაცმელი დღემდე არ მინახავს და მთელს საქართველოს და მსოფლიოს ანახეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ეს განცხადება ზაზა სარალიძემ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან და მრჩეველთან ადამიანის უფლებების საკითხებში ანა ნაცვლიშვილსა და კახა კოჟორიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრისას საქმის დეტალებზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ იმ დეტალებზე, რასთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები მაქვს, თუმცა ამ კითხვის ნიშნებზე მე თვითონ უკვე პასუხები გაცემული მაქვს. გავიზიარე ჩემი მოსაზრება პრეზიდენტის მრჩევლებს, რაც ჩემს ჭეშმარიტებასთან არის უახლოესი. დამეთანხმნენ იმ გარემოებასთან დაკავშირებით, თუ რატომ მაქვს კონკრეტულ თემასთან ეჭვი. გაიზიარეს ჩვენი პოზიცია და მაქსიმალურად ეცდებიან, რომ გვერდით დაგვიდგნენ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამასთან, შეხვედრის მონაწილე ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მრჩევლებს დღეს ინფორმაცია მირზა სუბელიანის ფაქტორთან დაკავშირებითაც მიაწოდა.

„მივაწოდე ინფორმაცია იმაზე, რითაც მირზა სუბელიანი დღემდე ახერხებს ზოგადად პროკურატურა და მთელი სახელმწიფო ამყოფოს შანტაჟის ქვეშ, თუ რა ბერკეტები და საიდან აქვს მას. ასევე, ადმინისტრაციას გავაცანი ჩემი და ბორის კაკუბავას საუბარი, რომელიც მირზა სუბელიანის ახლო ნათესავია და პირადი საუბრის დეტალები, სადაც სწორედ მირზა სუბელიანის კომპრომატებზე გვქონდა საუბარი. აქ არის საუბარი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ვიდეოკადრებზე, რომელიც დაფიქსირებული იქნება სასჯელაღსრულების სათვალთვალო კამერებით, სუბელიანი როდესაც სასჯელაღსრულებაში გენინსპექციას ხელმძღვანელობდა, ამოიღო ეს კადრები და გადაიტანა საკუთარ „ფლეშკაძე“ და შემდეგ მოახდინა სისტემიდან გაქრობა, ეს გააკეთა ერთ-ერთი აიტი სპეციალისტის მეშვეობით და ამას ყავს მოწმეებიც. ამაზე კონკრეტული პასუხები გავეცი გამოძიებას, როდესაც მე ამაზე ლაპარაკი დავიწყე დამიბარეს, ჩვენება მივეცი პროკურატურას, მაგრამ დღემდე მირზა სუბელიანი დაკითხვაზე არ დაუბარებიათ“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ზვიად კუპრავას თქმით,  ​სარალიძეების ოჯახის ადვოკატი დღეს შსს იმ მაღალი თანამდებობის პირის ვინაობას დაასახელებს, რომელმაც იმ ფარდულის დანგრევის ბრძანება გასცა, სადაც ხორავას ქუჩაზე ინციდენტი მოხდა.