ზაზა სარალიძე - მმართველ გუნდს ვეხვეწებოდი, შემხვედროდნენ, რატომ ფიქრობთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მივეცი რამის უფლება
ეკა ბესელიამ და ძალიან ბევრმა ადამიანმა პირდაპირ დამადანაშაულა, რომ რაღაც პოლიტიკურ პარტიას ჩემი შვილის სულით მანიპულირების უფლება მივეცი, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, დავით სარალიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„ქალბატონო ეკა, ზუსტად თქვენი საუბრიდან გამომდინარე დავეტაკე ზვიად ფხაკაძეს, რაზეც ძალიან დიდი შეხლა-შემოხლა გვქონდა, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანეს ჩემი შვილის ვითარება და პირდაპირ დამადანაშაულა როგორც ქალბატონმა ეკამ, ასევე ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომ რაღაც პოლიტიკურ პარტიას მივეცი უფლება, ჩემი შვილის სულით მანიპულირებდეს, ზუსტად ამაზე მქონდა ძალიან უხეში საუბარი ზვიად ფხაკაძესთან, ეს ჩაწერილი მაქვს ტელეფონზე და როცა დაგჭირდებათ, არ არის პრობლემა, მოვიტან“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისი თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრას თავიდანვე ითხოვდა, თუმცა ამის სურვილი არავის გამოუთქვამს.
„იცით თქვენ, რომ ფაქტობრივად, ტელევიზიებით გვიწევს ურთიერთობა. როდესაც თქვენზე განაწყენება გამოვთქვი, ერთი სურვილიც არ გქონიათ, რომ შემხვედროდით პირადად, რომ პირადად მეთქვა, რაზე გავნაწყენდი. დღესაც, გუშინწინაც მოვუსმინე თქვენს განაცხადს. დღესაც კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია ჩემი შვილის სულით მანიპულირებდეს, თუმცა კარგად ვხედავ ყველაფერს, ვიღაც-ვიღაცები რაღაცას აპირებენ, ვიღაცას რაღაც აინტერესებს.
ერთ მთავარ კითხვას დავსვამ, როდესაც მმართველ გუნდს ვეხვეწე, რომ შემხვდით და მომისმინეთ, რატომ არავინ შემხვდა. თუნდაც ბატონ გიორგი გახარიას როდესაც მივმართე ტელევიზიით, რომ შეხვედრა მინდა-მეთქი, რატომ არ შემხვდა. რატომ ფიქრობთ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მივეცი რამის უფლება. პირველ ეტაპზე პროკურორებს ვეხვეწებოდი, ძალოვან უწყებას ვეხვეწებოდი, მმართველ გუნდის წარმომადგენელია ხომ გახარია, მას ვეხვეწებოდი, შემხვდი-მეთქი, მაგრამ არაფრად ჩამაგდო. რატომ გგონიათ, რომ პოლიტიკური პარტიები დგანან ჩემ ზურგს უკან“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომა მიმდინარეობს.