ზაზა სარალიძე - მერაბ მორჩაძე დააკავეს, მაგრამ იდენტიფიცირებული არ არის პირი, ვისი ზემოქმედებითაც შეცვალა მ.კ-მ ჩვენება
მერაბ მორჩაძე დააკავეს, მაგრამ იდენტიფიცირებული არ არის ის პირი, ვისი ზემოქმედების ქვეშაც შეცვალა ჩვენება მ.კ-მ, რაც უდიდეს კითხვას იწვევს – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი მ.კ-ს ნაწილია. როგორც სარალიძე ამბობს, მ.კ-მ ხუთჯერ მისცა ჩვენება და ხუთივე შემთხვევაში სხვადასხვა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას.
„არ გამოვრიცხავ, რომ 11 აპრილს ვიღაცის ზეწოლის შედეგად მისცა ის ჩვენება, რომ საგამოძიებო უწყებაში ზეწოლას ახორციელებდნენ მასზე და იქ ვერ ხედავდა, დანები, თუ რა ეკავათ იმ ბავშვებს ხელში.
როდესაც 13 აპრილს განახლდა მ.კ-ს დაკითხვა, თუ 11 აპრილს ვიღაცამ მასზე ზეწოლა განახორციელა და ბრალდების საწინააღმდეგოდ მისცა ჩვენება, მაშინ 13 აპრილამდე ვინ განახორციელა მასზე ზეწოლა, როდესაც შეცვალა და უკვე ბრალდების სასარგებლოდ მისცა ჩვენება. ზუსტად აქ არ ვეთანხმები შსს-საც. დააკავეს მერაბ მორჩაძე, რომლითაც ცდილობს მ.კ-ს ჩვენების „გაპრავებას“, – განაცხადა სარალიძემ.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომა მიმდინარეობს.