ზაზა სარალიძე - ერთ-ერთი საუბარი მე და ზვიად კუპრავამ ჩავიწერეთ, „რუსთავი 2“-ზე გავიდა ამ საუბრის მოკლე ჩანაწერი
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, მან და ზვიად კუპრავამ ჩაიწერეს მისი შვილის მეგობრების, დ.ნ-სა და დ.ღ-ს საუბარი. როგორც სარალიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რის შესახებაც ბავშვები ამ ჩანაწერში საუბრობენ, სასამართლოზე აბსოლუტურად უარყვეს.
„ჩავიწერეთ ერთ-ერთი საუბარი. მე და ზვიად კუპრავა ვიყავით ერთად. ჩავიწერე საუბარი და რაზეც ამ ჩანაწერში საუბრობენ, აბსოლუტურად უარყვეს სასამართლოზე“, – განაცხადა სარალიძემ.
მისი თქმით, თავიდანვე ეჭვობდა, რომ დ.ნ-ს ან დ.ღ-ს იარაღი უნდა ჰქონოდათ.
„თავიდანვე მქონდა ეჭვი, რომ ამ ორიდან, დ.ნ-ს და დ.ღ-ს ვგულისხმობ, რომელიმეს უნდა ჰქონოდა იარაღი, რაშიც შემდეგ დავრწმუნდი. ამაში ჩემი საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ დამარწმუნა, რომელიც არ ფიქრობდა იმაზე, თუ რამხელა წინააღმდეგობას გავუწევდი“, – განაცხადა სარალიძემ.
ირაკლი აბესაძემ კომისიის სხდომაზე ზაზა სარალიძეს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ჩანაწერი მტკიცებულების სახით და ხომ არ ყოფილა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, რომ ამ საკითხზე ოფიციალურად დაკითხავდნენ და ასევე იყო თუ არა მზად, საგამოძიებო ორგანოებისთვის გადაეცა აღნიშნული ჩანაწერი. კითხვის პასუხად ზაზა სარალიძემ განუცხადა, რომ მისთვის ეს არ შეუთავაზებიათ.
„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არავის არ შემოუთავაზებია ასეთი რამე, ერთადერთი მეუბნებოდნენ, რომ კანონდარღვევაა. დაკითხული ვარ, მაგრამ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, როდესაც „რუსთავი 2“-ზე გავიდა ამ საუბრის მოკლე ჩანაწერი, რა თქმა უნდა, ჰქონდათ შესაძლებლობა, დავებარებინე და დავეკითხე, მაგრამ არავის დავუბარებივარ. ჩანაწერის დისკი მოტანილი მაქვს და გიტოვებთ“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.