ზაზა სარალიძე - დღეს ჩემი შვილის ტანსაცმელი, რასაც მე არ მაძლევდნენ, საჯარო გახადეს, მეტი რა განაცხადი გავაკეთო
დღეს ჩემი შვილის ტანსაცმელი, რასაც მე არ მაძლევდნენ, საჯარო გახადეს, მეტი რა განაცხადი გავაკეთო, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს.
როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, შვილის ნივთები საგამოძიებო უწყებას მისთვის ამ დრომდე არ დაუბრუნებია.
დაზარალებული ამბობს, რომ ექვსი თვის განმავლობაში მისი შვილის ტანსაცმელზე და საფულეზე წვდომა არ ჰქონია, რადგან პროკურატურის თქმით, გამოძიების მიმდინარეობის გამო, მას ნივთებს ვერ გადასცემდნენ.
„გავცეანი დეტალებს. მოვითხოვე ჩემი შვილის საფულე, მისი პირადობა და ამ საფულეში 50 ლარი ედო. რამდენჯერმე მივმართე, რომ დაებრუნებინათ, თუ არ იყო საჭირო. ეს გამოძიებას უნდაო და არ მიბრუნებდნენ. დღეს ჩემი შვილის ტანსაცმელი, რასაც მე არ მაძლევდნენ, საჯარო გახადეს, მეტი რა განაცხადი გავაკეთო. ესენი არიან უსუსურები. სანამ შემდეგ ზომებს მივმართავ, გარეთ გამოიყვანონ ყველა. უნდათ, ხალხი დააბნიონ. ახლაც არ მაქვს წვდომა ჩემი შვილის ნივთებთან, არ სჭირდებათ და არ მიბრუნებენ. რატო გაანადგურეს ფარდული, რატო გაღუნა ექსპერტიზამ დანა, რატომ არ მოიტანა სამხარაულმა ის დასკვნები, რაც მაია ნიკოლეიშვილმა. გამცეს პროკურატურამ საჯაროდ პასუხი”, – განაცხადა სარალიძემ.
თბილისის პროკურორმა, მალხაზ კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიების შედეგად საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე დღეს ისაუბრა.