ზაზა სარალიძე - მოვუწოდებ ხალხს, დამიდექით გვერდით, რომ პროცესები პოლიტიკურ ჭრილში არ გადავზარდოთ
ჩემთვის პოლიტიკა არაფერს არ ნიშნავს, მე ვარ ჩვეულებრივი, თქვენნაირი, გლეხი ადამიანი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალძემ განუცხადა.
მისი თქმით, ის არ იბრძვის იმისთვის, რომ ბრძოლა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ გამოიყენოს.
„მე არ ვიბრძვი იმისთვის, რომ ვიღაცამ, პოლიტიკურმა პარტიამ ეს გამოიყენოს. თქვენ თუ არ დამიდექით გვერდით, აუცილებლად გამოიყენებს ვიღაც ამას. მოვუწოდებ ხალხს, რომ დამიდექით გვერდით, რომ პოლიტიკურ ჭრილში არ გადავზარდოთ ეს. თუ ხალხი არ იქნა, პოლიტიკა გამოიყენებს ამას, აბა რა იქნება“, – განაცხადა სარალიძემ.
მისი თქმით, ის საქმეზე მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენას ითხოვს.
„მე ვითხოვ ჭეშმარიტების აღდგენას, სამართლიანობის აღდგენას, მეტს ხომ არაფერს ვითხოვ. არ ვითხოვ არც „ნაციონალების“ მოყვანას და არც „ოცნების“ დატოვებას და მოყვანას, რა ვერ გაიგო ამ ხალხმა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ მივიდა. მისი თქმით, პატრიარქთან ლოცვა-კურთხევის ასაღებად მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა.