ზაზა სარალიძე - ბოლომდე ვიბრძოლებ, რათა ჩემი შვილის მკვლელები გამოაშკარავდნენ
ვერ შევძელი ჭეშმარიტების მიღწევა და საჭიროდ ჩავთვალე ნებისმიერი ბერკეტის გამოყენება, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მოკლული დავით სარალიძეს მამამ საპროტესტო აქციებიც დააანონსა და აღნიშნა, რომ მას სავარაუდოდ უთვალთვალებენ.
ზაზა სარალიძის განცხადებით, მან პარტიების წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების შესახებ, რაც, მისი თქმით, არასრულყოფილად წარიმართა.
„მივმართე არამხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ მთელ საქართველოს, რომ დამიდგნენ გვერდში. ვგეგმავ ყველაფერს, საპროტესტო აქციებსაც და მაქსიმალურად ჭეშმარიტებისკენ მივიყვან ამ მარაზმს. პროკურატურა ჩემს დისკრედიტაციას ცდილობს. რამდენჯერმე შევნიშნე, როგორ დამყვებოდა ერთი და იგივე მანქანა. ხშირი შემთხვევა იყო ეს. ბოლომდე ვიბრძოლებ, რათა ჩემი შვილის მკვლელები გამოაშკარავდნენ. 2 დეკემბერს, ჩემს შვილთან ერთად, მეც მომკლეს“, – განაცხადა სარალიძემ.