ზაზა სარალიძე - ბევრ ბავშვს ვესაუბრე, არც ერთ მათგანს მშობელი საუბარს არ აცდიდა
ვეძებ სამ გოგოს, რომლებიც უნდა შესწრებოდნენ ჩხუბს, -ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომაზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, არ ვიცი ,მათი სახელები და გვარები. ამ ბავშვებზე მეზობლები ამბობენ, რომ ეს გოგოები დარბოდნენ, წიოდნენ და კიოდნენ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ამასთან, როგორც მოკლული არასრულწლოვნის მამამ აღნიშნა, მისი შვილის დაკრძალვის შემდეგ, ბევრ ბავშვს ესაუბრა, თუმცა არც ერთ მათგანს მშობელმა საუბარი არ აცადა.
„როდესაც ბავშვი მივაბარეთ მიწას, რაღაც პერიოდის შემდეგ დავუძახე ყველას. ძალიან ბევრ ბავშვს გავესაუბრე, რომლებსაც თავიანთი მამები ახლდნენ თან. მაინტერესებდა, რას იტყოდნენ განმეორებით. სამწუხაროდ, არც ერთ ბავშვს არ აცადა საუბარი არც ერთმა მშობელმა. ბავშვს რომ ვუსვამდი კითხვას, მშობელი მცემდა პასუხს.
შემდეგ საუბარი მქონდა უშუალოდ ჩემი შვილის მეგობრებთან დ.ღ-სთან და დ.ნ-სთან. მათთან საუბარი ჩავიწერე და რასაც ისინი ამ ჩანაწერში საუბრობენ, აბსოლუტურად უარყვეს სასამართლოზე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომა მიმდინარეობს.