ზაზა სარალიძე - ახალ პრემიერთან შეხვედრას მისი დანიშვნის დღესვე მოვითხოვ 
ზაზა სარალიძე - ახალ პრემიერთან შეხვედრას მისი დანიშვნის დღესვე მოვითხოვ 

მთავრობის დათხოვნა დღესდღეობით, ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს, პირდაპირ ვამბობს ამას, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახალ პრემიერთან შეხვედრას მისი დანიშვნისთანავე მოითხოვს.

„როგორც კი დაინიშნება, იმ დღესვე მოვითხოვ მასთან შეხვედრას, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, მიადევნებს თვალ-ყურს ამ საქმეს თუ არ მიადევნებს“, – განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, მან ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მაშინ მოითხოვა, როცა ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე გამოსაძიებლად შსს-ში დაბრუნდა.

„მასთან შეხვედრამდე მოვითხოვე კვირიკაშვილის გადადგომა იქიდან გამომდინარე, რომ შსს-ს დაუბრუნდა საქმე ძიებაში. როდესაც შევხვდი ამ პიროვნებას, დავრწმუნდი იმაში, რომ ამ კაცმა, ამ საქმის არაფერი იცოდა და პირობა დადო, მიადევნებდა თვალ-ყურს. ე.ი. თანამდებობიდან გადააყენეს სპეციალურად, რომ თვალ-ყური ვეღარ მიადევნოს, რომ გაჭიანურდეს. ალბათ, მინიმუმ ორი კვირა გაიწელება, შეიძლება ერთი თვეც გაწელონ ახალი პრემიერის დანიშვნა, რომელთანაც პირდაპირი მოთხოვნა მექნება, რას იტყვის ჩემი საქმიდან გამომდინარე, აიღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე თუ  – არა“, – განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება.