ზაზა სარალიძე - ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩემი შვილი მოძალადე იყო, მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, თქვან თუ მოძალადე იყო, არაფერი დამალონ
ზაზა სარალიძე - ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩემი შვილი მოძალადე იყო, მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, თქვან თუ მოძალადე იყო, არაფერი დამალონ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე 51-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს და მის შვილთან დაკავშირებით  განცხადების დაუყოვნებლივ გაკეთებისკენ მოუწოდებს.

როგორც მან დროებითი საპარალამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მისი შვილი მოძალადე იყო.

„სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ჩემი შვილი მოძალადე იყო, ვიღაც-ვიღაცებს თავს საპირფარეშოში აყოფინებდა, მოძალადე ყოფილა. 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, დაუყონებლივ გამოააშკარაოს ჩემი შვილის ვინაობა. თუ მოძალადე იყო, ესეც თქვან. არავინ არაფერი დამალოს. თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო და ამ სკოლაში ძალადობა ხდებოდა, ალბათ, 51-ე სკოლის პასუხისმგებლობა დგება. თუ მოძალადე არ იყო, მაშინ ყველაფერი გამოააშკარაონ“, – განაცხადა სარალიძემ.

მისი თქმით, სკოლამ განცხადება დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს.

„ვერ ვხედავ ვერავის აქტიურობას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი შვილის სულის სიწმინდე დაიცვან. განცხადება დაუყოვნებლივ გააკეთონ, თუ იყო დამნაშავე, თქვან; თუ არ იყო, ესეც თქვან“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.