ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან აქციებს გეგმავს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი დასკვნა შეაფასა.
სარალიძის თქმით, მმართველი გუნდი მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებს, ამიტომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს და აქციების დაწყებას გეგმავს.
მოკლული მოზარდის მამა არ აკონკრეტებს, რა მოთხოვნებს დააყენებს აქციაზე და ამბობს, რომ ეს 10 სექტემბერს გახდება ცნობილი.
„კომისიის მსვლელობის მადლობელი ვარ იმიტომ, რომ საზოგადოებამ ნათლად დაინახა, ვინ რა დარღვევები ჩაიდინა, ვინ არის მკვლელი, ვის და ვინ აფარებს ხელს. ამ გამოძიებას გააგრძელებს სხვა ხელისუფლება, რადგან მმართველი გუნდი მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და ამ გამოძიებას. 10 სექტემბრიდან დაიწყება აქციები და კონკრეტული მოთხოვნები იქნება იქ. სამარცხვინოა მათი ეს დასკვნა“, – განაცხადა სარალიძემ.
სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ სახეზეა არა ერთი, არამედ ორი დასკვნა.
„ეს პირდაპირ ხაზს უსვამს იმას, რომ კომისიის მუშაობაში პოლიტიკური მოტივი უფრო გამოჩნდა. ჩვენ მივესალმებით, თუ მოხდება შეთანხმება და ერთი დასკვნა იქნება წარდგენილი. უმრავლესობის მიერ წარდგენილი დასკვნა წინააღმდეგობაში მოდის კომისიის ძირითადი გუნდის მიერ წარმოდგენილ დასკვნასთან. როცა საპარალამენტო უმრავლესობის დასკვნას ვკითხულობდი, სამწუხაროდ, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს არ იყო წარდგენილი იმ სხდომების საფუძველზე, რასაც მთელი საზოგადოება ვადევნებდით თვალს, რაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს“, – აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ.