ზაზა ხუციშვილი - კანაფის კულტივირების კანონპროექტი განხილვაში არ არის, პრაქტიკულად გაწვეულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი აცხადებს, რომ კანაფის კულტივირების შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან პრაქტიკულად გაწვეულია.
მისივე თქმით, შეთავაზებული კანონპროექტი არც ერთ ეტაპზე არ მოიაზრებდა კანაფით, როგორც ნარკოტიკული საშუალებით ვაჭრობას.
„ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოების განწყობას და მოსაზრებებს მნიშვნელობას ანიჭებს, ხშირ შემთხვევაში, იზიარებს. რა თქმა უნდა, საპატრიარქო, როგორც წესი, არამხოლოდ მისი, არამედ საკუთარი ძალიან მრავალრიცხოვანი მრევლის პოზიციასაც აფიქსირებს. მეც ვთვლი, რომ ამ კანონს მომავალში აუჩქარებლად უნდა მსჯელობა. პრაქტიკულად ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კანონი განხილვაში არ არის. პრაქტიკულად გაწვეულიც არის. როდესაც ასეთ კანონზე არის საუბარი, საზოგადოებაც, ჟურნალისტებიც და ყველა უნდა იყოს ფრთხილად. რაზეც მიდიოდა საუბარი, ის საერთოდ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კანაფით, როგორც ნარკოტიკული საშუალებით ვაჭრობას, ამას არც ერთ ეტაპზე არ მოიაზრებდა ეს კანონი“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.