ზაზა ხუციშვილი - გრიგოლ ვაშაძე რევოლუციონერი ლიდერის მანტიის მორგებას აპირებს და არა პრეზიდენტობას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა ხუციშვილის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე რევოლუციონერი ლიდერის მანტიის მორგებას აპირებს და არა პრეზიდენტობას.
მისი განცხადებით, ქვეყანას არეულობა არ სჭირდება და აღნიშნა, რომ ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს.
„როცა არეულობებზეა საუბარი, გრიგოლ ვაშაძის ლუსტრაცია მოხდა. „დოიჩე ველესთან“ საუბარში პირდაპირ ამბობს, რომ რევოლუციონერი ლიდერის მანტიის მორგებას აპირებს და არა იმას, რომ მთელი საქართველოს პრეზიდენტი იყოს. ეს ძალიან კარგი ნიშანია, რათა ამომრჩეველმა სწორი არჩევანი გააკეთოს. ქვეყანას არეულობა არ სჭირდება, სწორი რელსებით მიდის. ქვეყანა ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე დგას და არეულობა ვისთვისაა საჭირო, ამას ამომრჩეველი პასუხს სწორად გასცემს“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ვისურვებდი, მენახა ნებისმიერი მთავრობა, როდესაც მე მოვუწოდებ 50 ან 100 ათას ჩემს თანამემამულეს, გამოვიდნენ ქუჩებში და შეუერთდნენ ჩემს პროტესტს. ვინ შეაკავებს ამას? მხოლოდ წარმოიდგინეთ“.