ზაზა ხუციშვილი - ცირკში ცხოველების აკრძალვისა და რიტუალური დაკვლების შესახებ პეტიციებზე კომიტეტის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება
საქართველოს პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა „ცირკში ცხოველების მონაწილეობის აკრძალვის შესახებ“ პეტიციასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციების გაგრძელება იგეგმება. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.
„გარემოს დაცვის კომიტეტმა განიხილა ორი პეტიცია. ერთი ეხება საცირკო წარმოდგენებში ცხოველების მონაწილეობას, მათ შორის როგორც შინაური, ასევე გარეული ცხოველების, ხოლო მეორე – რიტუალურ დაკვლებს, ეს, როგორც წესი, ცხვარს ეხება. ჩვენ ამ ფორმით უარყოფითი დასკვნა გვქონდა, თუმცა შევთანხმდით ამ პეტიციის ავტორებთან, რომ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ცხოველთა უფლებებიც, მათ შორის საცირკო წარმოდგენებში გამომდინარე იქიდან, რომ როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში, როგორც ირკვევა, ცხოველების წვრთნების დროს გამოიყენება მათდამი სასტიკი მოპყრობა. თუ გახსოვთ, ჩვენ ყველამ ერთად ვუყარეთ კენჭი და გავამკაცრეთ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა და კიდევ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, რომ თვითონ რიტუალურ დაკვლებთან დაკავშირებით და ცირკის წარმოდგენებთან დაკავშირებით უკეთესი იყოს დაცულობა და მათი ინტერესები გათვალისწინებული“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.