ზაზა ხატიაშვილი დავით ლანჩავას პროვოკაციებში ადანაშაულებს.
ადვოკატმა ჟურნალისტებს ის კადრები აჩვენა, რაც არჩევნების დღეს რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელდა.
ვიდეომასალაში დავით ლანჩავა ამბობს, რომ იგეგმებოდა ელექტროენერგიის გათიშვა და არჩევნების გაყალბება. ლანჩავას ამ განცხადების მიუხედავად, 9 დეკემბერს სპორტის სასახლეში შუქი არ ჩამქრალა.
” ჩავატარე გამჭვირვალე არჩევნები. ჯანაშიასა და ლანჩავას მხრიდან მოხდა ბიულეტენებზე ბეჭდის დარტყმა. შემდეგ კომისიას გადავეცი ბიულეტენი. გამორიცხული იყო რამის გაკეთება, ვინდაინ იქ იმყოფებოდა დაცვა. ლანჩავამ შემოირბინა და დაიყვირა, რომ შუქი უნდა გაეთიშათ და ჩაეყარათ ბიულეტენები. ყველა ჟურნალისტმა გადაიღო, რომ ყუთებთან ვერავინ მივიდა და სიყალბე არ მომხდარა. დავით ლანჩავა ადვოკატთა კორპუსიდან უნდა მოვკვეთოთ. თუ მომავალში რომელიმე ადვოკატი გაბედავს ასეთის გაკეთებას, ყველამ უნდა აგოს პასუხი. აყალ-მაყალი იყო ლანჩავას გეგმა. ვიცოდი, რომ რაღაცას გეგმავდნენ და ხელისუფლება ისე არ გამიშვებდა, რომ არ ეთქვათ ხატიაშვილი აყალბებსო. შუქი არ ჩამქრალა, მაგრამ მაინც დავლუქეთ ყუთები”, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
„ადვოკატთა ასოციაციის“ არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია ოფიციალურ შედეგებს დღეს გამოაცხადებს. ამასთან, კომისიის თავმჯდომარე ვერ აკონკრეტებს, როდის დაინიშნება მეორე ტური.