ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ „ბადაგონში" საგამოძიებო მოქმედებები უკანონოდ ჩატარდა
კომპანია „ბადაგონის“ ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა, სამარცხვინოს უწოდებს.
ზაზა ხატიაშვილის განმარტებით, არსებობს მოსამართლის განჩინება, სადაც მითითებულია, რომ საგამოძიებო მოქმედებები გამომძიებელს უნდა ჩაეტარებინა, რაც ასე არ მოხდა.
„მივმართე მთავარ პროკურატურას და მოვითხოვე სისიხლის სამართლებრივი დევნის დაწყება იმ ხუთი პირის მიმართ, რომლებმაც ვანდალური აქტი ჩაიდინეს. თუ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყება, უმოკლეს დროში ჩავთვლი, რომ პროკურატურა და ფინანსური პოლიცია ერთად მოქმედებენ, რათა გაანადგურონ კომპანია „ბადაგონი”, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
მისივე თქმით, „ბადაგონის“ საქმეში ლომის წვლილი მიუძღვის ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს.
„ამ უბედურებაში გარკვეულწილად ლომის წვლილი მიუძღვის ბღუჯას რომ ეძახიან, ბატონ ქუმსიშვილს, რადგან ასეთი კანონდარღვევა, მთელი ფინანსური დოკუმენტაციის ამოღება, ამ საქმეზე საჭირო არ არის, ამას რად უნა საბუღალტრო პროგრამა, თუ არ აქვს ბოროტი განზრახვა”, – განაცხადა ხატიაშვილმა.