ზაზა გაბუნია - მარიხუანაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შექმნა საჭიროება, ყველა რისკი აგველაგმა
სივრცე, რომელიც სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩინა და რომლითაც ჩვენი მოქალაქისთვის ნარკოტიკი რისკის, საფრთხის შემცველი გახადა, საკონსტიტუციო სასამართლოს კისერზეა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაზა გაბუნიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„ჩემი აზრით, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც დაბნეულობა და საკანონმდებლო ვაკუუმთან ერთად, შექმნა აუცილებელი საჭიროება, რომ პარლამენტარებს დროულად მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც ალაგმავდა ყველა რისკს, რაც შესაძლოა, ჩვენს მოზარდ თაობას, თუ ნებისმიერ პოტენციურ მომხმარებელს დამუქრებოდა. ამიტომ, შსს-მ ამ რისკების პრევენციაზე გათვლილი, ძალიან შინაარსიანი, მდგრადი კანონპროექტი მოამზადა. ჩვენ მაქსიმალურად გავამკაცრეთ ზედამხედველობა, ადმინისტრირება და მარიხუანას გამოყენება პრაქტიკულად, ავკრძალეთ“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, მარიხუანას გამოყენების აკრძალვა-შეზღუდვა-რეგლამენტაციის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დროული, საჭირო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იყო და ეს გადაწყვეტილება დედა ეკლესიის მოწოდებას ეხმიანება, ხოლო კანაფის კულტივაციის საკითხი მაღალი ალბათობით, უკან იქნება გაწვეული.
ამ განცხადებით ზაზა გაბუნიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, უნდა ველოდოთ თუ არა შსს-ს მიერ ინიცირებულ კანონპროექტში ფუნდამენტურ ცვლილებებს.