ზაზა გაბუნია - კანაფის კულტივირების კანონპროექტის განხილვის გადადება არჩევნებს არ უკავშირდება
კანაფის კულტივირების კანონპროექტის განხილვის ორი თვით გადავადებას მმართველი გუნდის წევრი ზაზა გაბუნია მოახლოებულ არჩევნებს არ უკავშირებს.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც მარიხუანას კულტივირების კანონპროექტის ინიცირება მოხდა, უკვე საარჩევნო პერიოდი იყო, შესაბამისად, არც გადადება უკავშირდება ამ გარემოებას.
„არჩევნები რომ მოდიოდა, ამ კანონპროექტზე საუბრის დაწყების დროსაც ყველამ ვიცოდით. ასე რომ, არჩევნებს ან არჩევნების გამო გადავადებას ეს საკითხი არ უკავშირდება. ჩვენ დავინახეთ, რომ საჭიროა ამ საკითხზე უფრო მეტი კომუნიკაცია და საუბარი საზოგადოებასთან. ბუნებრივია, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ვგეგმავთ, რომ საზოგადოების ყველა აქტიურ, დაინტერესებულ წარმომადგენელთან, წრეებთან, სფეროს წარმომადგენლებთან გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია ამ საკითხზე“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.