დღეს აღსანიშნავი დღეა, ვინაიდან საქართველოს პარლამენტმა პირველად აამოქმედა ახალი რეგლამენტის ფარგლებში ახალი საზედამხედველო ფორმატი და ინსტრუმენტი. ჩემთვის, როგორც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ორმაგად მნიშვნელოვანია ეს, რამდენადაც დღეს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ – მთავარმა კონსტიტუციურმა ორგანომ მთელი სამუშაო დღე დაუთმო რეგიონულ საკითხებზე მსჯელობას, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ „მინისტრის საათის“ ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მოსმენის შემდეგ.
მისი შეფასებით, მინისტრის მოხსენება იყო ღირებული არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის იყო ინფორმატიული ან მინისტრი კომპეტენტურია ამ საკითხებში, არამედ იმის გამოც, რომ ეს მოხსენება იყო უაღრესად სწორად შედგენილი, რადგან პრაქტიკულად ეს თანმიმდევრობა ასახავს ხედვის მართებულობას, რომელიც სამინისტროს რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებით აქვს.
„ის იწყებოდა ძლიერი თვითმმართველობის ანუ რეფორმის საჭიროებით, გრძელდებოდა და მოიცავდა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ასე პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონების განვითარებისთვის. მთავარი კითხვა გახლავთ ასეთი -კეთდება თუ არა დღეს საქმე იმისთვის, რომ რეგიონები უფრო და უფრო მეტი მოქალაქისთვის გახდეს მიმზიდველი საცხოვრებლად და სამუშაოდ. ამ შეკითხვაზე პასუხი გახლავთ – დიახ და უაღრესად სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც, მათ შორის ოპოზიციიდან, ისინიც აღიარებენ, რომ ეს არის ცხადი, ეს არის ხელშესახები რეალობა. მათ შორის ეს გამოჩნდა მინისტრის მოხსენებაში – ის პროექტები, რომელიც მან წარმოადგინა, მეტყველებს სწორედ ამაზე, რომ ეს პოლიტიკა თანმიმდევრულად და შეუქცევადად ხორციელდება“, – აღნიშნა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ზაზა გაბუნიამ მადლობა გადაუხადა სამინისტროს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მომზადებისთვის.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო. კოლეგამ ოპოზიციიდან ძალიან სწორად გააკეთა აქცენტი ამ რეფორმის მნიშვნელობაზე და უახლოეს დღეებში პარლამენტში დაიწყება ამ დოკუმენტის განხილვა“,-აღნიშნა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოხსენებაში მნიშვნელოვანი აქცენტები იყო მთასთან დაკავშირებით.
„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა ასეთი მაღალი ყურადღება მთის საკითხებთან დაკავშირებით და ასეთი მაღალი მგრძნობელობა იქ მცხოვრები მოქალაქეების მიმართ, რაც გამოიხატება უამრავ ინიციატივაში, უამრავ პროექტში, უამრავ გეგმაში, რომელიც მთასთან დაკავშირებით არსებობს“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
როგორც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის არსებით და ფუნდამენტური სიახლე, რომელიც სამინისტროს სივრცითი განვითარების გეგმებთან დაკავშირებით აქვს.
„ეს არის გზა, რომლითაც სამინისტრო გაამართლებს საკუთარ სახელწოდებას, რადგან რეგიონული განვითარება შესაძლებელია სწორად ასე, როდესაც ინფრასტრუქტურის შექმნა ეფუძნება ანალიტიკურ დაგეგმარებით პოლიტიკას. ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება განვითარების ამ ეტაპზე და ეს გამორიცხავს ლაფსუსებს, ახდენს რისკების მინიმალიზებას“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე ისაუბრა სამინისტროს მიერ თანხების ათვისებაზე და ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა ყურადღება მიაქციონ სხვა მნიშვნელოვან ციფრებსაც.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ საბიუჯეტო ათვისების პროცენტი. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ციფრებიც არსებობს. მინდა ოპოზიციონერ კოლეგებს მივმართავ ამ მნიშვნელოვან ციფრებს მიაქციონ ყურადღება. მაგალითად, პროექტების რაოდენობა. 1200-ზე მეტი პროექტი მიმდინარეობდა ან დასრულდა გასულ წელს. მილიარდ 662 მილიონი ლარის ათვისება მოახერხა სამინისტრომ. ეს არის შთამბეჭდავი ციფრები და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც აღფრთოვანდებით, თუკი ამ ციფრებს შევუდარებთ თქვენი მმართველობის პერიოდში არსებულ ძალიან სევდიან ციფრებს, რომელიც გქონდათ ამ სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით. თქვენი რეგიონული განვითარების სამინისტრო ითვისებდა მხოლოდ 665 მილიონ ლარს და ჩვენ ეს ციფრი გავზარდეთ სამჯერ. შეფასება ათვისების სიმძლავრეებთან დაკავშირებით მიმინდვია საზოგადოებისთვის. ოთხჯერ არის გაზრდილი გზების დეპარტამენტის დაფინანსება, სამჯერ არის გაზრდილი წყალმომარაგების დაფინანსება, აღარაფერს ვამბობ ნარჩენების მართვის პოლიტიკაზე – 49-ჯერ არის გაზრდილ ამ პოლიტიკის დაფინანსება. და ეს არის შედარებული თქვენს ყველაზე ოპტიმისტურ ციფრებთან. ეს აჩვენებს, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის არის პრინციპული საკითხი რეგიონული საკითხები, რეგიონული პოლიტიკა, რეგიონული განვითარება და ეს პროექტები“, -განცხადა ზაზა გაბუნიამ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ყოველწლიურად იზრდება, როგორც ბიუჯეტი, ასევე შესრულების მაჩვენებელი, არც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს არის მზარდი დინამიკა და როდესაც კრიტიკაზეა საუბარი, მე ვისურვებდი ეს კრიტიკა იყოს გაცილებით ჯანსაღი და ყურადღება მიაქციეთ ამ მნიშვნელოვან ციფრებს რომელიც მეტყველებს პროგრესზე, განვითარებაზე, მეტ მიღწევებზე და არა რეგრესზე, როგორც ცდილობდა წარმოეჩინა ზოგიერთ ოპოზიციონერს“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სატრანსპორტო პოლიტიკაში საქართველოს ჩართვის მნიშვნელობაზე.
„საქართველო ერთვება ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პოლიტიკაში – სატრანსპორტო პოლიტიკაში და ხდება ტრანსევროპული ქსელის ნაწილი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქართული პასპორტით, კიდევ უფრო დავუახლოვდით ევროპას, როგორც ფიზიკურად, ისე ინსტიტუციურად. ჩვენივე ხელისუფლების პირობებში ჩვენი გზებით, რომელსაც ვაშენებთ, კიდევ უფრო ვუახლოვდებით ევროპას როგორც ფიზიკურად, ისე ინსტიტუციურად“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.