Zaza: ჩემი მუსიკა უცხო ქვეყნებში უფრო პოპულარულია, ვიდრე საქართველოში
Zaza: ჩემი მუსიკა უცხო ქვეყნებში უფრო პოპულარულია, ვიდრე საქართველოში

ინტერნეტზე წვდომის გაზრდამ და თანამედროვე რეალობაში კომუნიკაციის არხების გაფართოებამ შეცვალა  ადამიანების ქცევაც. დღეს უკვე მარტივია შექმნა პროდუქტი და ის ფართო აუდიტორიას ინტერნეტის საშუალებით გაუზიარო. ამ შესაძლებლობებს თანამედროვე არტისტებიც იყენებენ, ასეთი შემთხვევის ნათელი მაგალითი, ახალგაზრდა მუსიკოსი, პროდიუსერი და DJ ზაზა თევთიძეა. ის რამდენიმე წელია განსხვავებული სტილის მუსიკას ქმნის და აუდიტორიასთან კომუნიკაციის დამყარებას ინტერნეტის საშუალებით ცდილობს. მის “ტრეკებს” საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე მილიონობით ნახვა აქვს და ეს მხოლოდ დასაწყისია. ახლახან პირველი მინიალბომიც გამოუშვა და მსმენელს 5 ელექტრონული ჟღერადობის “ტრეკი” წარუდგინა. ვნახოთ, როგორ დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა და როგორი გეგმები აქვს ქართველ არტისტს, რომელსაც აუდიტორის ნაწილი სახელით Zaza იცნობს.

ზაზა თევთიძე: მუსიკასთან ურთიერთობა ადრეულ ასაკში დავიწყე. დედაჩემი მუსიკის მასწავლებელი იყო, შესაბამისად, ყოველთვის ახლო შეხება მქონდა მუსიკასთან და საკრავებთან, ძირითადად, ფორტეპიანოსთან. ბაბუაჩემი, რომელიც ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა, მუსიკოსი იყო. თავისი შექმნილი ინსტრუმენტი ჰქონდა, წერდა და უკრავდა მუსიკას. ოჯახმა მუსიკალურ წრეში 7 წლის ასაკში შემიყვანა. როგორც ყველა ბავშვი, მეც ვერ ვიტანდი მუსიკალურ წრეს. 6 წელი ვსწავლობდი კონსერვატორიაში და ბოლო წელს აღმოვაჩინე, რომ რასაც ვაკეთებდი, მომწონდა. 13-14 წლის ვიყავი, როდესაც მუსიკის წერა დავიწყე პროგრამაში – FL Studio და დღემდე ვვითარდები. ვფიქრობ, ცხოვრების ბოლომდე ასე გაგრძელდება.

რას ნიშნავს შენთვის მუსიკა?

– მუსიკა ჩემთვის არის იმ გრძნობების, ემოციების გადმოცემის საშუალება, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერ. მაგალითად, მხატვრისთვის თავისი ნახატი, მოქანდაკისთვის სკულპტურა და ა.შ.

როდესაც ხელოვანი ადამიანები ნამუშევარს ქმნიან, ისინი ამ ყველაფერში საკუთარ თავს, ემოციებსა და გზავნილს დებენ. როგორია ამ შემთხვვაში შენი მუსიკალური გზავნილი, ის ემოცია, რომელსაც მისი შექმნის დროს განიცდი?

– ჩემი მუსიკით ზუსტად იმ გრძნობებსა და ხასიათს გადმოვცემ, რასაც შექმნის პროცესში ვგრძნობ. თუ მუსიკა ადამიანებს სიყვარულისკენ არ მოუწოდებს, ან თუნდაც იმ აგრესიას არ გამოხატავს, რასაც არტისტი შექმნის დროს გრძნობს, მაშინ ასეთი მუსიკა უინტერესოა. თუ ეს გრძნობები გულწრფელია და ჩარჩოების გარეშე არის გადმოცემული, მაშინ აუცილებლად მიაღწევს წარმატებას, თუმცა ყველაფერს დრო სჭირდება.

შენი მუსიკა არ არის ერთი სტილის, ისევ ძიებაში ხარ თუ ეს უბრალოდ მუსიკალური ექსპერიმენტებია?

– ძალიან საინტერესო კითხვაა. ამის შესახებ ჩემს კოლეგებთან ხშირად ვსაუბრობ ხოლმე. სხვა არტისტები, რომლებსაც ვუსმენ, მუსიკას მხოლოდ ერთი მიმართულებით აკეთებენ, თავიანთი საუნდი, ჟანრი აქვთ აღმოჩენილი და ეს მათი ხელწერაა. დიდი ხნის განმავლობაში ამის გამო დეპრესიაში ვიყავი, რადგან ვერ ვიპოვე ჟანრი, რითიც ადამიანებს თავს დავამახსოვრებდი, რადგან ყველანაირი ჟანრის შექმნა მომწონს და მინდა, რომ უფრო მეტი ვაკეთო. მუსიკის გარდა, ცხოვრებაშიც ასეთი ვარ. რაღაც კითხვებზე ერთ აზრზე ვერ ვყალიბდები, ყოველთვის ძიებაში ვარ.

რამდენად მარტივია გახდე საქართველოში წარმატებული მუსიკალურ სფეროში?

– დღეს, როდესაც ინტერნეტი თითქმის ყველგან არის, თუ რაღაცის სწავლა გინდა და გარშემო ადამიანებიც ხელს გიწყობენ ამაში, შესაძლებელია ნებისმიერი სფეროს ახლოდან გაცნობა და შემდეგ წარმატების მიღწევა. ჩემი მუსიკის დისტრიბუტორი კომპანიები ყოველთვე მიგზავნიან სტატისტიკას, სადაც ჩანს, რომ ჩემი მუსიკა უცხო ქვეყნებში უფრო პოპულარულია, ვიდრე საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში, ნელ-ნელა ელექტრონული მუსიკის სფერო ვითარდება, თუმცა არასწორად. ვხედავთ, რომ იქმნება მეტი და მეტი ფესტივალები, ჩამოჰყავთ უცხოელი არტისტები, რაც ძალიან კარგია, მაგრამ Line Up-ში ვხედავთ ერთსა და იმავე სახელებს, ან მხოლოდ რამდენიმე ქვეჟანრის წარმომადგენლებს. ბევრი ქართველი დიჯეი, რომელიც საქართველოში დიდი მასშტაბის ფესტივალებზე უკრავს, არ ქმნის მუსიკას და არის უბრალოდ დიჯეი, ან მხოლოდ რამდენიმე მუსიკა აქვს შექმნილი. ამერიკაში ასეთი “არტისტები” მაქსიმუმ რომელიმე ბარის რეზიდენტები არიან. ეს ყველაფერი კი მაშინ, როცა ბევრი ჩემი მეგობარი, პროდიუსერი, არტისტი ზის სახლში ან სტუდიაში და წერს მუსიკას, თუმცა ხალხი მათ არ იცნობს. ეს კი იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ელექტრონული მუსიკა არის მხოლოდ techno, trance და რამდენიმე სხვა ქვეჟანრი. ის, რაც სხვა ქვეყანაში ანდერგრაუნდია, ჩვენს ქვეყანაში მეინსთრიმად აქციეს.

როგორ მოხვდა შენი მუსიკა Spotify-ზე და სხვა საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე, რამ განაპირობა მათი პოპულარულობა? 

– ის, რომ ჩემი მუსიკა არის Spotify-ზე, ეს არ არის გრანდიოზული, რადგან დღეს ყველა კარგ არტისტს შეუძლია გააფორმოს კონტრაქტი დისტრიბუციასთან და დადოს თავისი მუსიკა ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Spotify ან Apple Music. მე ვამაყობ იმით, რომ რამდენიმე მსოფლიო დონის ლეიბლთან (All Trap Music, NoCopyrightSounds, Big Top Amsterdam) ვითანამშრომლე და ჩემს მუსიკას ასეთ პლატფორმებზე მილიონზე მეტი ნახვა აქვს, მაგრამ რამ განაპირობა ეს, არ ვიცი. ალბათ იმან, რომ ამ “ტრეკებში” ძალიან დიდი შრომა ჩავდე, და ცოტა იმანაც, რომ იღბლიანი ვარ. ეს ალბათ ცხოვრების წესია, რაც ინგლისურად კარგად ჟღერს – The harder you work, the luckier you get.

ცოტა ხნის წინ შენი ალბომი  Zaza – Summer EP გამოვიდა. როგორი სტილის მუსიკაა შესული ალბომში და როგორი იყო მუშაობის პროცესი, რა გამოხმურება მოჰყვა ალბომს?   

– ეს არ არის ჩემი სადებიუტო ალბომი, ეს არის სადებიუტო EP (მინიალბომი), რომელშიც მხოლოდ 5 “ტრეკია” და ყველა “ტრეკის” ხასიათი ასოცირდება ზაფხულთან. ჩემი სადებიუტო ალბომი უფრო გრანდიოზული იქნება, უცხოელი არტისტების მონაწილეობით, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. საერთოდ, ჩემნაირი არტისტებისგან, ვისაც არ ყავს დიდი “ფან ბეისი”, ალბომების დადების წინააღმდეგი ვარ და მგონია, რომ არტისტებმა ჯერ სინგლებით უნდა გააცნონ თავი საზოგადოებას და შემდეგ უნდა გამოუშვან ალბომები. ეს EP-ი იმიტომ გამოვუშვი, რომ ძალიან ბევრი “ტრეკი” დამიგროვდა, რომელიც არავინ იცის. რაც შეეხება გამოხმაურებას, მგონი მოლოდინი გაამართლა.

როგორც ვიცი, ბათუმში ლაივ გამოსვლებიც გაქვს, ამ მხრივ რა არის შენი მიზანი? სად დაუკრავდი დიდი სიამოვნებით?

– ბათუმში ვუკრავდი რამდენიმე ფესტივალზე, ამ ბოლო დროს კი მეგობრებმა დაიწყეს ყოველთვე Secret House Party-ს კეთება, რამდენიმე უკვე წარმატებით განხორციელდა და ნელ-ნელა ამ მხრივაც წინ მივიწევთ. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება მსგავსი ივენთებით. დავუკრავდი ყველგან, სადაც მომისმენენ. ხშირად უარს ვამბობ ისეთ შემოთავაზებებზე, სადაც სავარაუდოდ ჩემი მუსიკის მსმენელები არ იქნებიან. პირველ რიგში, ვუკრავ იმას, რისი დაკვრაც მე მსიამოვნებს.

ასაკის მიუხედავად, საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიე. როგორია შენი სამომავლო გეგმები?

-ჩემი სამომავლო გეგმების შესახებ არ მიყვარს ლაპარაკი, თუმცა ვიტყვი, რომ მინდა დავდო, რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი “ტრეკი”, გავაფორმო კონტრაქტი უცხოურ Major Label-თან (Sony Music ან UMG) და ვითანამშრომლო ჩემს საყვარელ არტისტებთან.