იბრაჰიმოვიჩი ბობ მარლის, რონალდო ალიშა ქისის უსმენს - ფეხბურთის ვარსკვლავები და მათი მუსიკალური გემოვნება [ვიდეო] #1TVSPORT

მუსიკას დიდი ადგილი უკავია ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. გამონაკლისები არც ფეხბურთელები არიან. ხშირად ვხედავთ მათ ყურსასმენებით მატჩების წინ და შემდეგ. მუსიკა მოთამაშეებს საბრძოლო განწყობის შესაქმნელად ან მოსადუნებლად სჭირდებათ.

ყველაზე პოპულარული მიმართულება ფეხბურთელებში ჰიპ-ჰოპია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც აბსოლუტურად განსხვავებული მუსიკალური გემოვნება აქვთ.

 

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა მძიმე მეტალის მოყვარულია. ხშირად უსმენს Slipknot-სა და Avenged Sevenfold-ს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ როდესაც გასახდელში საყვარელ მუსიკას რთავს, გუნდელები წუწუნს იწყებენ და გარბიან.

2018 წელს, როდესაც Avenged Sevenfold-მა მანჩესტერში კონცერტი გამართა, ესპანელმა კულისებში შესვლა მოახერხა და ბენდის წევრებს „იუნაიტედის“ მაისური გადასცა, რომელსაც 7x ეწერა. A7X Avenged Sevenfold-ის შემოკლებული სახელია.

უეინ რუნი Stereophonics-ის ფანია. ეს ბენდი ისე უყვარს, რომ თავის ქორწილშიც კი მიიწვია. ინგლისის ნაკრების ყოფილ მოთამაშეს მკლავზე უზარმაზარი ტატუც აქვს, რომელზეც სტერეოფონიქსის 2001 წლის ალბომის სათაური Just Enough Education To Perform არის გამოსახული.

ჰიპ-ჰოპი, როკი და რეგი ზლატან იბრაჰიმოვიჩის საყვარელი ჟანრებია, თუმცა უპირატესობას უკანასკნელს ანიჭებს. ამბობს, რომ ბობ მარლის მოსმენა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, თუმცა იმასაც ამატებს, რომ არასოდეს რთავს მას მატჩების წინ, ზედმეტად რომ არ მოდუნდეს. უყვარს შვედი რეპერი Timbuktu.

ერთ-ერთ ინტერვიუში ზლატანმა დევიდ ბექჰემის მუსიკალურ გემოვნებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, პსჟ-ში თამაშის დროს ინგლისელის ფლეილისთი კარგად შეისწავლა და ისეთი მომღერლები აღმოაჩინა, როგორებიც სელენა გომესი და Jonas Brothers არიან.

ანდრეს ინიესტას საყვარელი ჯგუფი Kasabian-ია. ერთ-ერთ ინტერვიუში ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ეს საუკეთესო ბენდია მსოფლიოში და დიდი სიამოვნებით უმასპინძლებდა მას ბარსელონაში. Kasabian-ის წევრებთან ერთად დალევდა ლუდს საკუთარ აუზთან და დაათვალიერებინებდა მათ მოპოვებულ მედლებსა და ჯილდოებს.

ელტონ ჯონი, ფილ კოლინსი და ჯორჯ მაიკლი კრიშტიანო რონალდოს საყვარელი მუსიკოსები არიან. თუმცა ყველაზე მეტად ალიშა ქისის მოსმენა მოსწონს. უპირატესობას რომანტიკულ სიმღერებს ანიჭებს. მის ფლეილისთში ბრაზილიურ მუსიკასაც შეხვდებით.

გასაკვირი არ არის, რომ ნეიმარსაც ბრაზილიური ჰანგები უყვარს. ის მეგობრობს თანამემამულე მუსიკოსებთან, სხვადასხვა წვეულებაზე მათთან ერთად მღერის და მშვენივრად ცეკვავს სამბას.

ლიონელ მესი კი ჩვენთან ნაკლებად ცნობილი, თუმცა ლათინურ ამერიკაში ძალიან პოპულარული ჟანრის კუმბიას მოყვარულია. არგენტინელი უპირატესობას ამ მიმდინარეობის კონკრეტულ წარმომადგენელს სერხიო ტორესს ანიჭებს, რომელიც 2006 წელს გაიცნო და დაუმეგობრდა.

ტორესმა მესის სიმღერაც მიუძღვნა, რომელსაც „მსოფლიოს მერვე საოცრება“ ჰქვია.

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები მარიო გიოტცე და მარკო როისი არც მეტი არც ნაკლები ჯასტინ ბიბერის ფანები არიან და თამაშების წინ სწორედ კანადელი მუსიკოსის შემოქმედებით იმაღლებენ განწყობას.

ალესანდრო დელ პიერო Oasis-ის სოლისტის ნოელ გალაჰერის მეგობარია, ჯგუფის ერთ-ერთ ვიდეო კლიპშიც მონაწილეობს და ამბობს, რომ Wonderwall, ალბათ, ყველაზე ლამაზი სიმღერაა, რომელიც მოუსმენია.

და ბოლოს, სერხიო რამოსი – ესპანელი ფეხბურთელის საყვარელი ბენდები Motörhead და Guns N’ Roses არიან. ეს უკანასკნელი მისი ცოლის პილარ რუბიოსაც ძალიან უყვარს. 2016 წელს წყვილმა ოცნება აისრულა და ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ ჯგუფის სოლისტი აქსელ როუზი გაიცნო. რუბიოს მძიმე მეტალის თემატიკაზე შექმნილი ტანსაცმლის საკუთრი ხაზიც აქვს.

დატოვე კომენტარი