უკრაინის ნაკრები ყოფილი მწვრთნელი – საქართველოსთან მატჩი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კულმინაცია იქნება #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების თამაში ჩრდილოეთ ირლანდიასთან (0:1) და ანდრეა მალდერას ტაქტიკა გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური კალიტვინცევმა გამოცემა „სპორტთან“ ინტერვიუში გააკრიტიკა.
ის 1990-იანი წლების კიევის „დინამოს“ ნახევარმცველი და უკრაინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გახლდათ. კალიტვინცევმა იმედგაცრუება გამოთქვა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ანდრეა მალდერას გუნდის თამაშის გამო.
„ვერ გავიგე, რა მიდგომა ჰქონდა ჩვენს გუნდს და რისი გაკეთება სურდა? იყო ახალი განლაგება, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ბიჭებს ბოლომდე არ ესმოდათ, მათგან რას მოითხოვდნენ. ეს კატასტროფული თამაში იყო. ჩრდილოეთ ირლანდიასთან გუნდმა თავის შესაძლებლობებზე ბევრად სუსტად ითამაშა; ეს ეხება თითოეულ ფეხბურთელს.
უკრაინამ დაკარგა პლეიოფში გასვლის და A ლიგაში დაწინაურების თუნდაც მათემატიკური შანსი, თუმცა წინ კიდევ საქართველოსთან მატჩია. რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისგან? ეს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კულმინაციური მომენტი იქნება.
თუ უკრაინა წააგებს, ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებს და B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეიაუტში მოუწევს თამაში. პატივისცემის მიუხედავად, სან-მარინოს მსგავსი დონის მეტოქეებთან თამაში უბრალოდ მიუღებელია“.
B ლიგის მე-2 ჯგუფში, ხუთი ტურის შემდეგ, უკრაინა 4 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. ლიდერობს ჩრდილოეთ ირლანდია (11 ქულა), მეორე ადგილზეა უნგრეთი (10 ქულა), ხოლო ბოლო ადგილს საქართველო იკავებს (2 ქულა). 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში „ჯვაროსნები“ სწორედ უშუალო კონკურენტს, უკრაინას დაუპირისპირდებიან.