ხვიჩა კვარაცხელია – როდესაც პსჟ-ს მსგავს კლუბში მოდიხარ, იცი, რომ კარგად უნდა შეიმოსო #1TVSPORT
„ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მფლობელი ხვიჩა კვარაცხელია, სეზონის განმავლობაში ყველას სჯობნიდა, ვინც მის შეკავებას ცდილობდა. მაგრამ რამდენიმე კვირის წინ ტრავმამ შეაჩერა“, – წერს ცნობილი გამოცემა GQ-ის ფრანგული გამოცემა, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი წლის ადამიანად დაასახელა.
„ფეხბურთში ზოგჯერ სასტიკი დრამები თამაშდება. 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში პსჟ-ის ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონას“ მცველს სეეჯახა და ჯვარედინი მყესების დაზიანება მიიღო – ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ტრავმა.
ხვიჩა კვარაცხელია 2001 წელს ფეხბურთელის ოჯახში დაიბადა. თანდათანობით, მან ტექნიკა განავითარა და შესანიშნავი დრიბლიორი გახდა. სწორედ ამან მიიყვანა ის „დინამო თბილისის“ საწვრთნელ ცენტრში ძალიან პატარა ასაკში. თავისი საყვარელი ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს მიბაძვით, ის ორჯერ უფრო მონდომებით მუშაობდა.
„თავიდან ძალიან რთული იყო. მაგრამ 16 წლის ასაკში პირველ გუნდში დავიწყე თამაში“, – იხსენებს ქართველი.
მეტი სათამაშო დროის მისაღებად, ის პატარა კლუბ „რუსთავში“ გადავიდა, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველ დივიზიონში დაწინაურდა, შემდეგ კი რუსეთში, მოსკოვის „ლოკომოტივში“ სცადა ბედი. მერე კონტრაქტი „რუბინთან“ გააფორმა, სადაც მთელი რუსეთი გააოცა თავისი დრიბლინგით და ზედიზედ ორი წლის განმავლობაში რუსეთის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს.
2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, მან ყაზანის „რუბინიდან“ წასვლის შესახებ განაცხადა. თუმცა, რუსეთში მისი იმედისმომცემი გამოსვლის მიუხედავად, დიდი გუნდები ერიდებოდნენ მის მიწვევას. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრი და საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვილი სანიოლი იხსენებდა, თუ როგორ შესთავაზა რამდენიმე კლუბს ფეხბურთელი, მაგრამ უცნაურ პასუხებს იღებდა -„ჩემს პრეზიდენტს ვერ შევთავაზებ, თორემ გამათავისუფლებს“.
ხვიჩა საქართველოში დაბრუნდა, ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა და სეზონის ბოლოს ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი „ნაპოლისთან“, რომელთანაც იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა. ქალაქი ამ მომენტს 1990 წლიდან ელოდა.

სანამ ნეაპოლი ხარობდა, ახალგაზრდა ფეხბურთელი მოედნიდან გავიდა და გასახდელის კუთხეში ტიროდა, საქართველოს დროშის ქვეშ იმალებოდა. ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელებენ – ადამიანს, რომელსაც რუსეთის ლიგაში თავის დამკვიდრებისას პრობლემები შეექმნა. იტალიაში კი მისი არაპროგნოზირებადი დრიბლინგი დაცვას არღვევდა, თამაშის წაკითხვის უნარმა კი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეპასედ აქცია. ნეაპოლში მეტსახელი „კვარადონაც“დაიმსახურა.
„ამ მეტსახელმა ცოტათი დამთრგუნა. ნეაპოლში მარადონა ღმერთივითაა. ამიტომ მასთან შედარება პატივი და პრივილეგიაა. ნეაპოლელები ასე ცხოვრობენ. იქ შეხვდებით 90 წლის ქალებს, რომლებმაც ყველაფერი იციან ფეხბურთის შესახებ. ამ კლუბში თამაშმა ფეხბურთისადმი ჩემი გატაცება კიდევ უფრო გაამძაფრა“, – აღიარებს ქართველი.
მერე იყო იმედგაცრუება – კარგი გამოსვლის შემდეგ ხელფასი არ გაუზარდეს. მამისა და აგენტის მეშვეობით, ქართველმა გამოაცხადა კლუბის დატოვების სურვილი. მან იცოდა, რომ სადღაც ევროპაში ვიღაც ელოდებოდა.
2023 წლის ზაფხულში ლუის ენრიკეს მისვლამ შეცვალა პსჟ, რომელსაც ყოველდღიურად აწუხებდა მოთამაშეთა ეგოისტური დამოკიდებულება, ვარსკვლავების ახირებები და, რაც მთავარია, დიდი ხნის ნანატრი ჩემპიონთა ლიგის მოგების წარუმატებლობა. ესპანელი მწვრთნელი არ მოერიდა ზოგიერთი ვარსკვლავის გათავისუფლებას და იმ მოთამაშეთა მიყვანას, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ გუნდზე ორიენტირებულნი. ახალწვეულთა სიის სათავეში, რომელთა დარწმუნებასაც ის იმედოვნებდა, ხვიჩა კვარაცხელია იყო – შრომისმოყვარე და მოკრძალებული, მაგრამ მოედანზე სასტიკად აგრესიული. ქართველი იდეალურად განასახიერებს ლუის ენრიკეს სათამაშო ფილოსოფიას.
„როდესაც მითხრეს, რომ ჩემით პსჟ დაინტერესდა, მაშინვე მომინდა წასვლა. ვუყურებდი გუნდის თამაშებს და ვხედავდი პარიზელი გულშემატკივრების ემოციას და მათთვის მინდოდა მეთამაშა“.
საბოლოოდ, 2025 წლის იანვარში, მისი ტრანსფერი ოფიციალურად დასრულდა. კვარაცხელიამ შემადგენლობაში თავისი ადგილი იპოვა: „როდესაც ასეთ გუნდს უერთდები, შეცდომების დრო არ გაქვს. მზად უნდა იყო“.
2025 წლის 22 იანვარს, კვარაცხელიას მისვლიდან სულ რაღაც ხუთი დღის შემდეგ, „მანჩესტერ სიტისთან“ განსაცვიფრებელმა გამარჯვებამ გუნდის გამოღვიძება გამოიწვია, რომლის შეჩერებაც შეუძლებელი იყო. პარიზულმა კლუბმა მიუნხენში ფინალს მიაღწია და „ინტერი“ 5:0 დაამარცხა, ქართველმა მეოთხე გოლი გაიტანა. პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო.
მომხდარს იტალიაში ცნობილი გაზეთის, La Gazzetta dello Sport-ს ჟურნალისტი არ იჯერებდა: „ლიგის ფინალში ხუთი გოლი არც ერთ გუნდს არ გაუშვია. ეს სპორტული ხოცვა-ჟლეტაა, ვატერლოო. პსჟ-ს მეკარის გარეშე რომ ეთამაშა, მაინც მოიგებდა“.

რამდენიმე თვის შემდეგ, RTL-ის ჟურნალისტი დეივ აპადუ კვარაცხელიას ამბავს ამ ფრაზით დაუბრუნდა: „იანვარში მისმა მოსვლამ ყველაფერი შეცვალა. ის ჩემპიონთა ლიგაში ერთგვარი „მისტერ პლუსი“ გახდა – ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად, გონებრივად, ტექნიკურად და ეფექტურობის თვალსაზრისით, ამ მატჩებში განსაკუთრებული რამ აქვს. ვფიქრობ, ეს ისტორიაში ყველაზე დიდი ზამთრის ტრანსფერია“.
კვარაცხელია დიდი თამაშების კაცია. ზეწოლის ქვეშ წარმატების მიღწევის და მნიშვნელოვან მომენტებში მოვლენების მიმდინარეობის შეცვლის უნარის წყალობით, ის ხშირად ხდება შთაგონების წყარო მოედანზე ევროპულ მატჩებში. ხშირად აკრიტიკებენ, რომ მატჩებს შერჩევით უდგება და საფრანგეთის ლიგაში ნაკლებად გადამწყვეტ როლს თამაშობს. ქართველი ამას უარყოფს, მაგრამ აღიარებს, რომ ევროპული შეხვედრები უფრო მეტად ანთებს: „დიდ მატჩებში, ძლიერი გუნდების წინააღმდეგ, თამაში ხშირად ცოტა უფრო ღიაა. მოთამაშეები ნაკლებად არიან დაჯგუფებულნი დაცვაში. ეს ტოვებს ადგილს დრიბლინგისა და აჩქარებისთვის“.
სწორედ ეს არის ის, რასაც ის აკეთებდა 2025-2026 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში. მსოფლიოს უდიდესი გუნდების დაცვის დანგრევის შემდეგ, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და „ოქროს ბურთის“ სერიოზულ პრეტენდენტი გახდა – სავარაუდოდ ჯილდოს მოიგებდა, 2026 წელს რომ არ გამართულიყო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც საქართველო ვერ მოხვდა.
სათამაშო მიღწევების გარდა, კვარაცხელია კარგად აცნობიერებს პსჟ-ს მიერ მისთვის იმიჯის გაუმჯობესებას: „როდესაც პსჟ-ს მსგავს კლუბში მოდიხარ, იცი, რომ კარგად უნდა შეიმოსო. ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე, სტილისტის პოვნა იყო“.
მოდურ ქალაქთან ადაპტაციისთვის, დაუკავშირდა ორ ქართველს, რომლებიც რეგულარულად სტუმრობდნენ პარიზს: ძმებს, დემნა და გურამ გვასალიებს, Gucci-სა და Vetements-ის მხატვრულ ხელმძღვანელებს: „რამდენჯერმე მიმიწვიეს ჩვენებებზე, მაგრამ მატჩების გამო დრო თითქმის არ მაქვს. ისინი ნამდვილად კარგი ბიჭები არიან. საქართველოში ყველა ძალიან ამაყობს იმით, რასაც მოდის სფეროში აკეთებენ“.
თბილისში კი კვარა და „პარი სენ-ჟერმენში“ მისი თანაგუნდელები ბანერებზე თითქმის ყველგან არიან. კვარამ შესაძლოა „ოქროს ბურთი“ საქართველოში ვერ ჩაიტანა. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგებით, თბილისში თავისებურად, ევროპა „ჩაიტანა“.