გავიხსენოთ საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე გამარჯვება - 27 წლის წინ, 16 ნოემბერს „ჯვაროსნებმა“ უელსი 5:0 დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT
გავიხსენოთ საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე გამარჯვება - 27 წლის წინ, 16 ნოემბერს „ჯვაროსნებმა“ უელსი 5:0 დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინგლისი ბათუმში 3:2 დაამარცხა, გულშემატკივარი ძალიან გაახარა და დააიმედა.

როგორც ჩანს, ბრიტანელებთან ამ დღეს თამაში გამოგვდის, რადგან 27 წლის წინ თბილისში ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისის პრემიერლიგის ცნობილი მოთმაშეებით დაკომპლექტებულ უელსს უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა.

სტუმრებს მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მარცხენა შემტევი, იმ დროისათვის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი რაიან გიგზი აკლდა. ამავე დროს, ეს იყო ჩვენი ნაკრების პირველი ოფიციალური გამარჯვება – ევროპის 1994 წლის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო მოლდოვასთან (0:1) და ბულგარეთთან (0:2) დამარცხდა.

უელსელებთან ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა დაუვიწყარი, შთამბეჭდავი ფეხბურთი აჩვენა და ეფექტური გოლებიც გაიტანა. კურიოზული ფაქტია – თამაში 14 საათზე დაიწყო, რადგან მაშინ შუქი ხშირად ქრებოდა და ორგანიზატორებს არ სურდათ, მატჩი ელექტროენერგიის გათიშვის გამო ჩაშლილიყო – ასეთი იყო 90-იანი წლების საქართველოს რეალობა.

გავიხსენოთ ეს გასაოცარი შეხვედრა და ვისიამოვნოთ გამარჯვებით, რომელიც 27 წლის წინ გაიმართა.

საქართველო – უელსი 5:0

16 ნოემბერი, 1994. ევრო 1996 – შესარჩევი მატჩი.

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 45000 მაყურებელი

გოლები: 1:0 თემურ ქეცბაია (31), 2:0 გიორგი ქინქლაძე (41), 3:0 თემურ ქეცბაია (49), 4:0 გოჩა გოგრიჭიანი (59), 5:0 შოთა არველაძე (67)

საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე (გელა ინალიშვილი 42), გოჩა გოგრიჭიანი, თემურ ქეცბაია (მიხეილ ყაველაშვილი 75), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

უელსი: ნევილ საუთჰოლი, ალან ნილსონი (კიტ საიმონსი 46), მარკ როსლინ ბოუენი, ენდი როჯერ მელვილი, კრის კოულმენი, ბარი ჰორნი (კაპ), დევიდ ოუენ ფილიპსი, დინ სონდერსი, იან რაში, მარკ ჰიუზი, გარი სპიდი

მწვრთნელი: მაიკ სმიტი (ინგლისი)

გაფრთხილება: კახი ცხადაძე, გარი სპიდი, მარკ ჰიუზი

მთავარი არბიტრი: ალენ სარსი (საფრანგეთი)