ზაქარია ქუცნაშვილი - ყველა იურისტს მივეცით საშუალება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
ყველა იურისტს მივეცით საშუალება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„ის, რომ კანდიდატს უმაღლესი იურიდიული განათლება უნდა ჰქონდეს და გამოცდა ჩაბარებული, ეს თანასწორობის პრინციპის გამოხატულებაა და არა დათქმა. ეს აუცილებელია. აბა, უცოდინარი, გამოცდა ჩაუბარებელი იურისტები არსად არ გვჭირდება“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სად არის იმის გარანტია, რომ პროცესი გამჭვირვალე იქნება და ამ პროცესში მთავარი აქტორები არ იქნებიან ის მოსამართლეები, ვისთან დაკავშირებითაც გარკვეული პრეტენზიები არსებობს, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტის საბოლოო რედაქციაში რამდენიმე დამზღვევი სისტემაა ჩადებული.
„პირველი დამზღვევი სისტემა იმაში მდგომარეობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ე.წ გრძელი სიის ფორმირების პროცესი ღია და საჯარო იქნება. თუ საბჭოს წევრები უზენაეს სასამართლოში საკუთარი თავის ნომინირებას მოინდომებენ, როგორც დეკემბერში მოინდომეს, კანონის ძალით მათ უფლება არ ექნებათ, ამ გრძელი სიის შერჩევაში მონაწილეობა მიიღონ. ისევე, როგორც არ ექნებათ უფლება, გრძელი სიიდან მოკლე სიაში გადამსვლელთა სახელები და გვარები შეარჩიონ“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისი თქმით, ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად, იუსტიციის საბჭოს წევრებს ასევე არ ექნებათ უფლება, საკუთარი თავის განხილვისას კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა, რაც კვორუმს ზრდის და მათ საბჭოს სხვა წევრების მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ, რათა ფილტრის სისტემის ეს პირველი ეტაპი გაიარონ.