ზაქარია ქუცნაშვილი - რუსეთი გაღიზიანებულია, რადგან მსოფლიო დიდი კოალიცია შეიქმნა, რაც შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა რუსეთის მოქალაქეებს
რუსეთი გაღიზიანებულია, რადგან ფაქტობრივად, მსოფლიო დიდი კოალიცია შეიქმნა, რაც შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა რუსეთის მოქალაქეებს – ასე ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.
„რუსეთი გაღიზიანებულია, რადგან ფაქტობრივად, მსოფლიო დიდი კოალიცია შეიქმნა, რაც შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა რუსეთის მოქალაქეებს.
წარმოიდგინეთ, თქვენ რუსეთის მოქალაქე ხართ და 29 ქვეყანა, თან ძალიან გავლენიანი ქვეყნები, დიდი შვიდეულიდან 4 ქვეყანა და ლამის მთელი ევროპა და არა მარტო, ავსტრალიის კონტინენტიც კი შემოუერთდა ამ აქციას შენს საწინააღმდეგოდ.
ბუნებრივია, ეს ძალიან თრგუნავს ადგილობრივ მოქალაქეებს და ხელისუფლება ცდილობს, ე.წ. სარკისებური ზომების მიღებით აჩვენოს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ეს გავლენას ვერ მოახდენს რუსების საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
ფაქტია, რომ ევროპამ სკრიპალების საქმის კვალობაზე დაინახა, რომ მათი აგრესია უკიდეგანოა და სამწუხაროდ, გვიან, მაგრამ ამის აღიარება მოხდა და ამ შემთხვევაში, საქართველომ, მოგეხსენებათ, როგორც ერთ-ერთმა ევროპულმა ქვეყანამ, გამოხატა სოლიდარობა რუსი დიპლომატის გაძევების სახით“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთი პერსონა ნონ გრატად აცხადებს იმ ქვეყნების დიპლომატიური დაწესებულებების შესაბამისი რაოდენობის თანამშრომლებს, რომლებმაც სკრიპალის საქმის გამო რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა. აღნიშნული ქვეყნების რიცხვს ბელგია, უნგრეთი, საქართველო და მონტენეგრო შეურთდნენ და რუსეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, რუსეთი იტოვებს უფლებას, მათთან მიმართებით საპასუხო ნაბიჯები გადადგას.