ზაქარია ქუცნაშვილი - მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეის მიზანი საქართველოში რელიგიური ტურიზმის განვითარებაა
19-დან 21 ივნისის ჩათვლით თბილისში მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეა გაიმართება.
საქართველო ამ ასამბლეას დაარსების დღიდან პირველად მასპინძლობს. მასში მსოფლიოს ოთხი კონტინენტის 23 დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებიც.
როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჩვენი წარმომადგენლების მიზანია, ამ ასამბლეაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს საქართველო, როგორც მსოფლიო ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი ერი, გაიმართოს საუბრები რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში 1990-იან წლებში და 2008 წელს განხორციელებულ ქმედებებზე და ანექსიაზე, ასევე ქვეყანაში განვითარდეს რელიგიური ტურიზმი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მსოფლიომ კიდევ ერთხელ გაიგოს ინფორმაცია საქართველოზე, როგორც ქრისტიანული კულტურის უძველეს ქვეყანაზე.
ქუცნაშვილთან ერთად, ბრიფინგზე მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეის მთავარმა მრჩეველმა, კოსტას მანდალისმაც ისაუბრა, რომლის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქრისტიანულ სამყაროში არსებული სხვადასხვა გეოპოლიტიკური თუ სხვა სახის პრობლემების მოგვარებას.
ასამბლეის გახსნა 19 ივნისს, 19:00 საათზე ცერემონიების სასახლეშია დაგეგმილი.