პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით დაკავებულ ზაალ ლატარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე გამართულ სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
ზაალ ლატარიას ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა დახურული სხდომის შემდეგ განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების ამ ფორმის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა. ადვოკატმა განმარტა, რომ გამოძიება ვერ აკონკრეტებს, ვისგან მიიღო ზაალ ლატარიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
„ბრალდების მხარემ პატიმრობის შეფარდების ვერც ერთ საფუძველზე ვერ მიუთითა. გული მტკივა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ნიჭიერ ახალგაზრდა პროკურორებს იყენებს, რომ მავნე პრაქტიკა დაამკვიდროს. ვერ დაადგინეს პიროვნება, ვინ გადმოუგზავნა ეს ფაილი. ამ პიროვნებას ვერ დაადგენენ ისევე, როგორც ვერ დაადგინეს ბევრ სხვა საქმის შემთხვევაში“, – განაცხადა ადვოკატმა.
დღევანდელი სხდომა დახურული იყო. პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ განმარტა, რომ საქმეშია პირადი ცხოვრების ამსახველი მტკიცებულებები, რაზეც საჯაროდ ყურადღების გამახვილება კანონდარღვევა იქნება.
პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 18 პირია დაკავებული.