„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, მე-10 დღეა, ქართულ სოციალურ ქსელებში გრძელდება გაურკვეველი წარმომავლობის ფაილებით სპეკულაციები და პროვოკაციები, რომელთა უკანონოდ მოპოვებაც და გავრცელებაც ისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობით.

„ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ არც უფლებადამცველები და არც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ერთი სიტყვითაც კი არ გამოხატავენ აღშფოთებას, ადამიანების უფლებათა იმ უხეშ დარღვევაზე, რომელიც სისხლის სამართლებრივადაა დასჯადი 157-159 ე მუხლებით.

ხშირია შემთხვევები, როდესაც უცხოელი დიპლომატები, სიმართლის გარკვევამდე და განაჩენის დადგომამდე, შეშფოთებასა და აღშფოთებას წინმსწრებად გამოხატავენ ნებისმიერ კრიმინალურ ფაქტზე.

ამ ფონზე, უცხოელი დიპლომატებისა და უფლებადამცველების დუმილი, ოპოზიციური მედიით გავრცელებულ ადამიანის უფლებათა ყოველდღიურ დარღვევაზე, როგორიცაა დანაშაულებრივი გზით შექმნილი და მოპოვებული რეალური თუ ფალსიფიცირებული პირადი კომუნიკაციების გავრცელება, კითხვის ნიშნებს აჩენს ქართულ საზოგადოებაში, ვინაიდან სწორედ ასეთ ფაქტებზე რეაგირებას ითვალისწინებს მათი მანდატი.

მოვუწოდებთ საქართველოში წარმოდგენილ უცხოელ დიპლომატებს, დააფიქსირონ თავისი პოზიცია პოლიტიზირებული მედიის საშუალებებით კერძო თუ საჯარო პირების პირად საუბრებად წარმოჩენილი ფაილების ყოველდღიურ გასაჯაროებაზე და დაადასტურონ, რომ აღნიშნული წარმოადგენს მიუღებელ და დაუშვებელ ფაქტს დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ნებისმიერ საზოგადოებაში“, – აღნიშნულია მიმართვაში.