შალვა პაპუაშვილი - იმ პირობებში, როცა მედიის მხრიდან ხდება ჩანაწერების საკითხით აჟიტირება, განმარტებებს ვაძლევთ, მათ შორის დასავლელ პარტნიორებსაც, ამ კომუნიკაციაში ყველა ჩვენი არხებით ვართ
შალვა პაპუაშვილი - იმ პირობებში, როცა მედიის მხრიდან ხდება ჩანაწერების საკითხით აჟიტირება, განმარტებებს ვაძლევთ, მათ შორის დასავლელ პარტნიორებსაც, ამ კომუნიკაციაში ყველა ჩვენი არხებით ვართ

იმ პირობებში, როცა, სამწუხაროდ, მედიის მხრიდან ხდება ამ საკითხით აჟიტირება, რა თქმა უნდა, განმარტებებს ვაძლევთ, მათ შორის ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც. ეს საჭიროა და ამ კომუნიკაციაში ყველა ჩვენი არხებით ვართ, რათა განმარტებები მივცეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა გავრცელებული ჩანაწერების თემაზე საქართველოს ელჩის ევროკავშირის ოფისში დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ის საკითხიც, რომ მედიამ არ უნდა გაავრცელოს პირადი სახის თუნდაც ტექსტუალური ჩანაწერები.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საჯარო ინტერესი შეიძლება, არსებობდეს არა ჩანაწერის შინაარსის, არამედ იმის მიმართ, რამდენად ავთენტურია და თუ ავთენტურია, ვინ განახორციელა ჩაწერა.

„ამაში არაფერი სკანდალური არ არის. კონკრეტულად ამ შეხვედრის შესახებ არ ვიცი, თუმცა, ასეთ პირობებში, როდესაც, სამწუხაროდ, მედიის მხრიდან ხდება ამ საკითხით აჟიტირება, რა თქმა უნდა, განმარტებებს ვაძლევთ, მათ შორის ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც. ეს საჭიროა და ამ კომუნიკაციაში ჩვენ ყველა ჩვენი არხებით ვართ, რათა განმარტებები მივცეთ. როგორც საზოგადოებას ვაძლევთ განმარტებას, ასევე ვაძლევთ განმარტებას ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. აქვე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ხაზი გავუსვა ერთ საკითხს. მიუხედავად იმისა, რამდენად ავთენტიკური არის ეს ჩანაწერები, თუ არ არის, ის მედიასაშუალებები და პოლიტიკოსები, რომლებიც ავრცელებენ ამ ინფორმაციას, კითხულობენ პირდაპირ ეთერში, თუ არაპირდაპირ ეთერში ამ ტექსტებს, ისინი მაინც ხომ არიან დარწმუნებული, რომ ამ ტექსტებში სიმართლეა და ამიტომ კითხულობენ. თუ ისინი საკუთარი გადმოსახედიდან დარწმუნებული არიან, რომ რასაც კითხულობენ, არის სიმართლე, განა, ისინი პირადი ცხოვრების საკითხებს არ ამჟღავნებენ ამით და არ არის ეს ფსიქოლოგიური ტერორი იმ ხალხის მიმართ, ვის სახელებსაც ისინი … რა თქმა უნდა, ჩაწერა ცუდია, მაგრამ, მოდი, შევხედოთ ასე. გახსოვთ, რომ ადრე გამოქვეყნდა გარკვეული ვიდეო-ჩანაწერები და გვახსოვს საზოგადოების რეაქცია, მედიის რეაქციაც, მათ შორის ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ მიმართაც შეიძლება არსებობდეს ჩანაწერები. მთელმა საზოგადოებამ ეს დაგმო და კანონმდებლობითაც მკაცრად გაიწერა, რომ ასეთი პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელება, მოპოვება ხომ ცუდია და გავრცელებაც ცუდი არის. ამიტომ მედიამ არ უნდა გაავრცელოს პირადი სახის ჩანაწერები.

ახლა თუ მეტყვით, რა არის სხვაობა პირადი სახის ვიდეო-ჩანაწერსა და პირადი სახის ტექსტუალურ ჩანაწერს, ამის გამჟღავნებას შორის, მაშინ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აქ პრობლემა არ არის. მაგრამ აქ ხომ სხვაობა არაა. თუ ადამიანი კითხულობს იმ შინაარსს და ფიქრობს, რომ ეს სიმართლეა, გამოდის, რომ ის ვიღაც ადამიანის პირად ცხოვრებას ასე ტექსტით ამჟღავნებს და აჟღერებს ხომ? ამიტომ ესეც იმავე სახით მორალურად მიუღებელია და ისეთივე სახის ფსიქოლოგიური ტერორი არის, როგორც ვიდეო კადრების გავრცელება იქნება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მედიას და მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავოს ამ ტექსტების გავრცელებისგან. საჯარო ინტერესი არსებობს მხოლოდ ერთი საკითხის მიმართ, არა შინაარსში, მით უმეტეს, ვნახეთ, რომ შინაარსში რაიმე ტიპის დანაშაული არ იყო, ეს იყო ჩვეულებრივი პირადი ცხოვრების, მათ შორის, შეიძლება, ინტიმური ცხოვრების გარკვეული დეტალები. საჯარო ინტერესი ამის მიმართ არ არის. საჯარო ინტერესი შეიძლება, არსებობდეს იმის მიმართ, რამდენად ავთენტურია და თუ ავთენტურია, ვინ განახორციელა ჩაწერა, ამისთვის მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს, სადაც მას ევროგაერთიანების პოზიცია აცნობეს და შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის შესახებ განუცხადეს.

დატოვე კომენტარი