ყველაფერი, რაც COVID-19-ის ჩინური ვაქცინების შესახებ ვიცით — #1tvმეცნიერება
ყველაფერი, რაც COVID-19-ის ჩინური ვაქცინების შესახებ ვიცით — #1tvმეცნიერება

ვაქცინების ჩინური მწარმოებლები, Sinovac-ი და Sinopharm-ი ვაქცინების გლობალური განაწილების პლატფორმა Covax-ს შეუერთდნენ. ამ პროგრამის ფარგლებში, ვაქცინები დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს მიეწოდება.

ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (Gavi) განცხადებით, ამ პლატფორმის ფარგლებში, ის ხელმისაწვდომი ვაქცინების 110 მილიონ დოზას დაამზადებს.

Covax-ს ვაქცინების 11 მწარმოებელთან აქვს ხელშეკრულება და ორი მილიარდი დოზის მიწოდებას გეგმავს 2022 წლის დასაწყისამდე.

Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა და უკვე გამოიყენება ჩინეთსა და ათეულობით სხვა ქვეყანაში.

თუმცა, რა ვიცით ჩინეთის ვაქცინების შესახებ და როგორ შეედრება ისინი სხვა ვაქცინებს?

როგორ მუშაობს Sinovac-ის ვაქცინა

პეკინში ბაზირებულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია Sinovac-მა ინაქტივირებული ვაქცინა, სახელად CoronaVac-ი შექმნა.

მასში გამოყენებულია მკვდარი ვირუსული ნაწილაკი, რომელსაც იმუნური სისტემა ვირუსად აღიქვამს და მის საწინააღმდეგო ანტისხეულებს წარმოქმნის.

Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინები mRNA ტექნოლოგიით არის დამზადებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხეულში შედის კორონავირუსის გენეტიკური კოდის ნაწილი და არა მთლიანი ვირუსი, რომელიც ორგანიზმს ვირუსული ცილის წარმოქმნას აიძულებს. ეს ყველაფერი სრულიად საკმარისია იმუნური სისტემის თავდასხმისთვის მოსამზადებლად.

„CoronaVac-ი უფრო ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინაა; ამ მეთოდით არის შექმნილი მრავალი წარმატებული, კარგად ცნობილი ვაქცინა, მაგალითად, ცოფის საწინააღმდეგო“, — ამბობს ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლუი დაჰაი.

CoronaVac-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მისი შენახვა შესაძლებელია ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე, +2-8 გრადუსზე; ამავე ტემპერატურაზე ინახება ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს ვაქცინაც, რომელიც დამზადებულია გენური ინჟინერიით დამუშავებული იმ ვირუსისგან, რომელიც შიმპანზეებში ჩვეულებრივ გაციებას იწვევს.

შედარებისათვის, Moderna-ს ვაქცინა -20 გრადუსზე ინახება, Pfizer-ის კი -70 გრადუსზე.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოქსფორდი-AstraZeneca-სა და Sinovac-ის ვაქცინები გაცილებით ხელსაყრელია განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ ინფრასტრუქტურა დიდი ოდენობით ვაქცინის საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზე შესანახად.

ეფექტიანობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 18 წელს ზემოთ ადამიანებში ჩატარებულ კვლევებში, Sinovac-ის ვაქცინამ ვაქცინირებულ ადამიანებში 51 პროცენტით მოახდინა სიმპტომური დაავადების პრევენცია, COVID-19-ის გამწვავებისა და ჰოსპიტალიზების პრევენცია კი 100 პროცენტით შეძლო.

თუმცა, ორგანიზაცია იქვე აღნიშნავს, რომ კლინიკურ ცდებში მონაწილე ადამიანთაგან ცოტა იყო 60 წელს გადაცილებული და შესაბამისად, ეფექტიანობის მაჩვენებელი ამ ასაკობრივ კატეგორიას შეიძლება არ ერგებოდეს.

ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ჩილეში Sinovac-მა 65.9-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა COVID-19-ის წინააღმდეგ, 87,5-პროცენტიანი ეფექტიანობა ჰოსპიტალიზების პრევენციის თვალსაზრისით და 86,3-პროცენტიანი ეფექტიანობა სიკვდილის პრევენციის თვალსაზრისით.

როგორ მუშაობს Sinopharm-ის ვაქცინა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ასევე დაამტკიცა ვაქცინა, რომელსაც ჩინეთის სახელმწიფო კომპანია Sinopharm-ი აწარმოებს.

Sinovac-ის მსგავსად, ისიც ინაქტივირებული ვაქცინაა, რომელიც ორგანიზმს კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნას აიძულებს.

ვირუსი ვაქცინის დამზადების დროს არის მოკლული და შესაბამისად, შეუძლებელია, ინექციის შემდეგ მან COVID-19 გამოიწვიოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, Sinopharm-ის ვაქცინამ ჯამში 79-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა სიმპტომური დაავადებისა და ჰოსპიტალიზების წინააღმდეგ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში.

თუმცა, ორგანიზაცია ამ შემთხვევაშიც დასძენს, რომ კლინიკურ ცდებში მონაწილე ადამიანთაგან, 60 წელს გადაცილებულთა რაოდენობა საკმარისი არ იყო ამ ასაკობრივ კატეგორიაში ეფექტიანობის შესაფასებლად. მიუხედავად ამისა, ამ ვაქცინას მაინც უწევს რეკომენდაციას ხანდაზმულებში.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, ჩინეთში ამ ვაქცინით უკვე აცრილია მილიარდზე მეტი ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელება ჩინეთში დიდწილად შეჩერებულია და ქვეყანაც დიდწილად გახსნილია.

რომელ ქვეყნებში იყენებენ ჩინურ ვაქცინებს?

ჩინურ კოვიდვაქცინებს მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში იყენებენ. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში, რომელიც ჩინურ ვაქცინებს აქტიურად მოიხმარს, ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალია.

მაგალითად, დელტა ვარიანტის საპასუხოდ, ჩილემ კვლავ შემოიღო კომენდანტის საათი და მოგზაურობის შეზღუდვები; კორონავირუსის დელტა შტამი (იგივე ინდური შტამი) გაცილებით გადამდებია, ვიდრე წინა სხვა ვარიანტები.

ჩილეს მოსახლეობის 70 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია, ძირითადად Sinovac-ის ვაქცინით.

მიუხედავად მცირე მოსახლეობისა, სეიშელის კუნძულებზე და მონღოლეთში ბოლო დროს ინფიცირების მაჩვენებელმა საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით.

ორივე ქვეყანა ძირითადად Sinopharm-ის ვაქცინას იყენებს და ვაქცინაციის პროგრამებიც საკმაოდ წარმატებულია: სეიშელის კუნძულებზე ზრდასრული მოსახლეობის 68 პროცენტია აცრილი, მონღოლეთში კი 55 პროცენტი.

ვაქცინების პოლიტიკა შეცვალა ტაილანდმა — Sinovac-ის შემდეგ, მეორე დოზად იქ AstraZeneca-ს გამოყენება მას შემდეგ დაიწყეს, რაც სამედიცინო პერსონალის ასობით წარმომადგენელი მაინც დაინფიცირდა, მიუხედავად იმისა, რომ სრულად იყვნენ ვაქცინირებული Sinovac-ით.

ინდონეზიის ექიმებისა და ექთნების ასოციაციის განცხადებით, მიუხედავად Sinovac-ით სრულად ვაქცინირებისა, ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს 30 წარმომადგენელი მაინც დაიღუპა.

ინდონეზია გეგმავს, რომ მეორე გამაძლიერებელ დოზად COVID-19-ის სხვა ვაქცინა გამოიყენოს.

ნიშნავს თუ არა ეს ამ ვაქცინების წარუმატებლობას?

ვაქცინები ერთადერთი ფაქტორი არ არის ამ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენათა ასახსნელად.

ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ვაქცინების ეფექტიანობა შესუსტდა ან ისინი ისეთივე ეფექტიანი არ არის კორონავირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ.

ცოტა ხნის წინ Pfizer-მა განაცხადა, რომ იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად, აშშ-ში მესამე გამაძლიერებელი დოზის ავტორიზაციის მოთხოვნას გეგმავს.

ინდონეზიის ექიმთა ასოციაციის განცხადებით, ჯანდაცვის მუშაკთა გარდაცვალების მიზეზი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გახდა ერთდროულად ორი თანმხლები ქრონიკული დაავადება.

ამას გარდა, ამ ქვეყანაში უკიდურესად დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი — ორივე დოზით აცრილია ინდონეზიის მოსახლეობის მხოლოდ ხუთი პროცენტი.

რაც შეეხება ჩილეს, ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ იქ ადამიანებმა ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ უსაფრთხოების ზომების დაცვაზე ხელი აიღეს.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატიკის პროფესორის, ბენ კოულინგის განცხადებით, სიმპტომური კოვიდის წინააღმდეგ „მოკრძალებული ეფექტიანობის“ მიუხედავად, Sinovac-სა და Sinopharm-ს „დაცვის საკმაოდ მაღალი დონე აქვთ“ მწვავე დაავადების წინააღმდეგ.

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ვაქცინებს უკვე გადარჩენილი უნდა ჰყავდეს მრავალი სიცოცხლე“, — ამბობს პროფესორი კოულინგი.

როგორ მოქმედებენ ჩინური ვაქცინები ახალი შტამების წინააღმდეგ

Sinovac-ისა და Sinopharm-ის კვლევებში, ვაქცინების ეფექტიანობა შეამოწმეს ვირუსზე, რომელიც პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გამოჩნდა. არ გამოქვეყნებულა ახალი მონაცემები იმის შესახებ, როგორ ებრძვიან ისინი ვირუსის ახალ ვარიანტებს.

ვირუსისგან იმუნური დაცვის მოდელირების კვლევებზე დაყრდნობით, პროფესორი კოულინგი ვარაუდობს, რომ ინაქტივირებულ ვაქცინათა ეფექტიანობა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, შეიძლება 20 პროცენტით ნაკლებიც კი იყოს, ვიდრე თავდაპირველი შტამის წინააღმდეგ.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის პროფესორი, ჯინ დონგ-იანი კი აღნიშნავს, რომ მისი ვარაუდით, ჩინური ვაქცინების ეფექტიანობა სულ უფრო შემცირდება ახალ ვარიანტთა, მათ შორის დელტა შტამის წინააღმდეგ.

მაგრამ ის იქვე აღნიშნავს, რომ „Sinovac-ი და Sinopharm-ი კარგი ვაქცინებია“ და ის ადამიანები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ უფრო მაღალი ეფექტიანობის ვაქცინებზე, აუცილებლად უნდა აიცრან ამ ვაქცინებით.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.