როგორ მუშაობს Sinovac-ის ვაქცინა — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ #1tvმეცნიერება
როგორ მუშაობს Sinovac-ის ვაქცინა — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ #1tvმეცნიერება

კერძო ჩინურმა კომპანია Sinovac-მა კორონავირუსის ვაქცინა, სახელად CoronaVac-ი შექმნა. პირველად ის ჩინეთმა და რამდენიმე სხვა სახელმწიფომ დაამტკიცა საგანგებო გამოყენებისთვის, პირველ ივნისს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიანიჭა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია. მაისის ბოლოდან, Sinovac-ით ვაქცინაცია საქართველოშიც მიმდინარეობს. ბრაზილიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მისი ეფექტიანობა სიმპტომურ თუ უსიმპტომო ინფექციათა წინააღმდეგ 50,65 პროცენტია. თურქეთში ჩატარებულმა ცდებმა კი აჩვენა, რომ სიმპტომური COVID-19-ის წინააღმდეგ ის 91,25 პროცენტით არის ეფექტიანი.

კორონავირუსებისგან დამზადებული ვაქცინა

CoronaVac-ი იმუნურ სისტემას SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას ასწავლის. ანტისხეულები ეკვრის ვირუსულ ცილებს, ზედაპირზე გამოშვერილ ე. წ. წვეტ ცილებს.

ვაქცინის შესაქმნელად, კომპანია Sinovac-ის მკვლევრებმა კორონავირუსის ნიმუშები აიღეს პაციენტებისგან ჩინეთში, ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში. თანდათანობით გამოიკვეთა, რომ ჩინეთში აღებული ნიმუში უკეთესი იყო და ვაქცინის საფუძვლად სწორედ ის გამოიყენეს.

ვირუსის მოკვლა

კორონავირუსის დიდი მარაგები მკვლევრებმა მაიმუნის თირკმლებში გამოზარდეს. ამის შემდეგ, ვირუსები მათ ქიმიური ნივთიერება ბეტა-პროპიოლაქტონით დაამუშავეს. ეს ნაერთი კორონავირუსის გენებს ბოჭავს და ქმედუუნაროს ხდის. ინაქტივირებულ კორონავირუსს გამრავლება უკვე აღარ შეუძლია. თუმცა, ხელუხლებელი რჩება მისი ცილები, მათ შორის წვეტი ცილები.

ამის შემდეგ, მკვლევრებმა ინაქტივირებული ვირუსები აიღეს და დაუმატეს მცირე ოდენობით ალუმინზე დაფუძნებული ნაერთი, რომელსაც ადიუვანტს უწოდებენ. ადიუვანტი იმუნურ სისტემას ასტიმულირებს, რომ ვაქცინისადმი პასუხი უფრო გააძლიეროს.

ინაქტივირებულ ვირუსებს საუკუნეზე მეტია იყენებენ. 1950-იან წლებში, ამერიკელმა ვირუსულოგმა ჯონას სოლკმა მათი გამოყენებით შექმნა პოლიოს ვაქცინა. გარდა ამისა, ინაქტივირებული ვირუსები ცოფისა და A ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინების საძირკველიც არის.

იმუნური პასუხის წარმოქმნა

ვინაიდან ვაქცინა CoronaVac-ში შემავალი კორონავირუსები მკვდარია, მკლავში გაკეთებისას ისინი დაავადება COVID-19-ს ვეღარ იწვევენ. სხეულში მოხვედრის შემდეგ, ინაქტივირებულ ვირუსთა ნაწილს შთანთქავს იმუნური უჯრედების ერთი ტიპი, რომელსაც ანტიგენწარმდგენი უჯრედი ეწოდება.

ანტიგენწარმდგენი უჯრედები კორონავირუსს შლის და მის ზოგიერთ ფრაგმენტს საკუთარ ზედაპირზე იკრავს. ამ ფრაგმენტების დაფიქსირება შეუძლია ე. წ. დამხმარე T-ლიმფოციტებს. თუ ფრაგმენტი მისი ზედაპირის რომელიმე ცილაში ჩაჯდა, T-ლიმფოციტები აქტიურდებიან და სხვა იმუნურ უჯრედებსაც უხმობენ ვაქცინასთან შესაპასუხებლად.

ანტისხეულების წარმოქმნა

ინაქტივირებულ კორონავირუსს შეიძლება გადაეყაროს იმუნური უჯრედების კიდევ ერთი ტიპი, რომელსაც B-ლიმფოციტებს უწოდებენ. B-ლიმფოციტებს ზედაპირზე წარმოუდგენლად მრავალგვარი ფორმის ცილები აქვთ და ზოგიერთ მათგანს შეიძლება კორონავირუსთან ჩაჭიდებისათვის შესაფერისი ფორმა ჰქონდეს. როდესაც B-ლიმფოციტები იკეტება, შეუძლია შიგნით შეიტანოს ვირუსის რაღაც ნაწილი ან მთლიანად ვირუსი და კორონავირუსების ფრაგმენტები საკუთარ ზედაპირზე გამოიტანოს.

კორონავირუსის წინააღმდეგ გააქტიურებულ დამხმარე T-ლიმფოციტებს იმავე ფრაგმენტთან ჩაჭიდება შეუძლიათ. როცა ასე ხდება, აქტიურდება B-ლიმფოციტებიც. ისინი მრავლდებიან და წარმოქმნიან ანტისხეულებს, რომლებსაც იგივე ფორმა აქვთ, რაც მათ საკუთარ ზედაპირის ცილებს.

ვირუსის შეჩერება

CoronaVac-ით ვაქცინირების შემდეგ, იმუნურ სისტემას ცოცხალი კორონავირუსების ინფექციასთან შეპასუხებაც შეუძლია. B-ლიმფოციტები აწარმოებენ ანტისხეულებს, რომლებიც შემოჭრილ ვირუსებს იჭერენ. ანტისხეულებს, რომლებიც წვეტ ცილებს იღებენ მიზანში, შეუძლიათ აღკვეთონ ვირუსის უჯრედში შესვლა. სხვა სახის ანტისხეულებმა ვირუსი შეიძლება სხვა გზით დაბლოკონ.

ვირუსების დამახსოვრება

მიუხედავად იმისა, რომ CoronaVac-ი COVID-19-ისგან გარკვეულწილად გვიცავს, ჯერ არავის შეუძლია იმის თქმა, რამდენ ხანს გრძელდება ეს დაცვა. არ არის გამორიცხული, რომ ანტისხეულების დონე რამდენიმე თვეში შემცირდეს. თუმცა, იმუნური სისტემა ასევე შეიცავს სპეციალურ უჯრედებს, რომლებსაც მეხსიერების B-ლიმფოციტები ეწოდება. კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია მათ შეიძლება წლების ან ათწლეულების განმავლობაში შეინახონ.

ვაქცინის ქრონოლოგია

იანვარი, 2020 — Sinovac-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ინაქტივირებულ ვირუსზე მუშაობა დაიწყო.

ივნისი —743 მოხალისეზე ჩატარებულმა კლინიკური ცდების პირველმა და მეორე ფაზებმა სერიოზული გვერდითი ეფექტები ვერ გამოავლინა.

ივლისი — Sinovac-მა ცდების მე-3 ფაზა ბრაზილიაში დაიწყო, შემდეგ კი ინდონეზიასა და თურქეთში. Reuters-ის ცნობით, ცდების შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ ვაქცინა შეზღუდული, საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია მისცა.

ოქტომბერი — აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ცზიასინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ CoronaVac-ს ისინი შედარებით მაღალი რისკის სამსახურის მქონე ადამიანებს უკეთებდნენ, მათ შორის სამედიცინო პერსონალს, პორტების ინსპექტორებსა და საჯარო სერვისების პერსონალს.

19 ოქტომბერი — ბრაზილიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ Sinovac-ი ყველაზე უსაფრთხო აღმოჩნდა მათ ქვეყანაში ხუთ ვაქცინაზე მიმდინარე ცდების მე-3 ფაზაში.

ნოემბერი — Sinovac-მა ცდების პირველი და მეორე ფაზის მონაცემები სამედიცინო ჟურნალში გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა ანტისხეულების შედარებით მოკრძალებული ოდენობით წარმოქმნა. მხოლოდ მე-3 ფაზას უნდა ეჩვენებინა, საკმარისია თუ არა ეს რაოდენობა COVID-19-ისგან დასაცავად.

19 ნოემბერი — ბრაზილიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გვერდითი ეფექტის გამო, Sinovac-ის ცდა შეჩერდა. დეტალები ბუნდოვანი იყო და გაჩნდა ეჭვები, რომ ამის მიზეზი პოლიტიკა იყო. განცხადებიდან ორი დღის შემდეგ, ცდა გაგრძელდა

დეკემბერი — Sinovac-მა განაცხადა, რომ 2020 წელს 300 მილიონ დოზას დაამზადებდა და წლიურ წარმოებას 600 მილიონამდე გაზრდიდა.

23 დეკემბერი — ბრაზილიელმა მკვლევრებმა აჩვენეს, რომ CoronaVac-ის ეფექტიანობა 50 პროცენტზე მეტია.

24 დეკემბერი — თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი 91,25 პროცენტია.

7 იანვარი, 2021 — ბრაზილიელმა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ CoronaVac-ის ეფექტიანობა 78 პროცენტია. კლინიკური ცდების მე-3 ფაზაში ვაქცინირებულთაგან არავის განვითარებია COVID-19-ის მძიმე ან საშუალო შემთხვევა. თუმცა, ეფექტიანობის შეფასება ეფუძნებოდა ვაქცინის მოქმედებას მოხალისეთა ქვეჯგუფში. უცნობი რჩებოდა ზოგადი ეფექტიანობა.

11 იანვარიინდონეზიამ ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

13 იანვარი — ბრაზილიელმა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ CoronaVac-ის ზოგადი ეფექტიანობა 50 პროცენტზე ოდნავ მეტია. თურქეთმა ის გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

6 თებერვალი — Sinovac-მა განაცხადა, რომ ჩინეთმა მისი ვაქცინა ჩვეულებრივი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

პირველი აპრილი — Sinovac-მა განაცხადა, რომ მესამე საწარმოო ხაზი გახსნა და წარმოების წლიური მოცულობა 2 მილიარდ დოზამდე გაიზარდა.

პირველი ივნისი — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Sinovac-ის ვაქცინას გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.