ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა სავარაუდოდ COVID-19-ის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია
ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა სავარაუდოდ COVID-19-ის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია

მობილური აპლიკაცია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მოქმედებს და კორონავირუსის სიმპტომებს აგროვებს, პირველადი შედეგებით მიუთითებს, რომ ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა COVID-19-ის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია. ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა, რომელსაც სამეცნიერო ენაზე ანოსმია ეწოდება, ამჟამად არ გვხვდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შედგენილ კორონავირუსის სიმპტომთა სიაში.

სმარტფონის აპლიკაცია, სახელად COVID Symptom Tracker-ი, მომხმარებლებს სთხოვს, ყოველდღიურად შეიტანონ ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ, მათ შორის, ტემპერატურა, დაღლილობის შეგრძნება და კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული სხვა პოტენციური სიმპტომები. გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები 1,5 მილიონი მოქალაქის 24-დან 29 მარტამდე ჩაწერილი მონაცემების ანალიზი მიუთითებს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც შემდეგ COVID-19 დაუდასტურდათ, სამჯერ უფრო მეტად იუწყებოდნენ ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვის შესახებ, ვიდრე ისინი, ვინც სხვა სიმპტომებს აღწერდნენ, მაგრამ ვირუსი არ დაუდასტურდათ. COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანები ასევე აღწერდნენ ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა სიცხე, გამუდმებული ხველა, დაღლილობის შეგრძნება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი და მადის დაქვეითება.

„ეს კვლევა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან რადგან პირველია, რომელიც საკმაოდ დიდ პოპულაციაში მეცნიერულად აჩვენებს, რომ ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა COVID-19-ის ერთ-ერთი მახასიათებელია“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პირველადი ჯანდაცვის მეცნიერი ტრიშ გრინჰალგჰი.

ანალიზი 7 აპრილს გამოქვეყნდა რეცენზირებამდელ სერვერ MedrXiv-ზე. კვლევაში შესწავლილია აპლიკაციის იმ მომხმარებელთა პასუხები, რომლებიც შემდეგ ვირუსზე შეამოწმეს; ასეთი კვლევა კი გაერთიანებულ სამეფოში მხოლოდ საავადმყოფოებში ხდებოდა. COVID-19-ზე დადებითი ტესტის მქონე 579 ადამიანიდან 59 პროცენტი იუწყება ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვის შესახებ; იმ 1123 ადამიანიდან კი, რომლებსაც ინფექცია არ დაუდასტურდათ, ამ სიმპტომს 18 პროცენტი აღწერს. იგივე ტენდენციას აჩვენებს აპლიკაციის განახლებული მონაცემებიც, რომლებიც ჯერ გამოქვეყნებული არ არის. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მათი კვლევა მიუთითებს, რომ ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის სიმტომების სიას უნდა დაუმატოს, ამ სიმპტომის მქონე ადამიანებს კი თვითიზოლაცია უნდა დაევალოთ.

აპლიკაციის ავტორები ლონდონის სამეფო კოლეჯი და ჯანდაცვის სტარტაპი ZOE Global-ი არიან. მონაცემები მათ ასევე გამოიყენეს COVID-19-ის იმ ადამიანებში გავრცელების შესაფასებლად, რომლებსაც ტესტირება ჯერ არ ჩატარებიათ. ანალიზში, რომელიც ჯერ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ ხელმისაწვდომია მათ ვებგვერდზე, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ პირველი აპრილის მონაცემებით, აპლიკაციის მომხმარებელთა 4,9 პროცენტი, ანუ დაახლოებით 80 000 ადამიანი, სავარაუდოდ COVID-19-ით არის ინფიცირებული.

მომხმარებელთა საცხოვრებელი ადგილის, ასაკისა და გენდერისა და მათი მონაცემების მთელ მოსახლეობასთან ექსტრაპოლიების გათვალისწინებით, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ გაერთიანებული სამეფოს 20-დან 69 წლამდე 1,9 მილიონ მოქალაქეს COVID-19-ის სიმპტომები აქვს. უახლეს მონაცემებში კი ეს რიცხვი 1,4 მილიონამდეა ჩამოსული, რაც მკვლევართა განცხადებით, მიუთითებს, რომ ქვეყანაში შემოღებულმა სოციალური დისტანცირების ზომამ ვირუსის გავრცელება შეანელა.

ასეთივე აპლიკაციის ამოქმედება აშშ-შიც იგეგმება.

მომზადებულია nature.com-ის მიხედვით.