ყირიმში ვიზიტის გამო ავსტრიის ქალაქ ლინცის ვიცე-მერს უკრაინაში შესვლა აუკრძალეს
ავსტრიის ქალაქ ლინცის ვიცე-მერს უკრაინაში შესვლა აუკრძალეს. ამის მიზეზი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში პოლიტიკოსის ვიზიტი გახდა. ინფორმაციას Nachrichten.at ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავსტრიის ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტიის” წევრი დეტლეფ ვიმერი გასულ კვირას იალტაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა. ყირიმის ნახევარკუნძულზე ის რუსეთიდან, უკრაინული კანონმდებლობის გვერდის ავლით ჩავიდა.
ქალაქ ლინცის ვიცე-მერისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ავსტრიაში უკრაინის ელჩმა ალექსანდრ შერბამ.
ლინცის რეგიონულ მთავრობაში ვიმერი მოძმე ქალაქებთან კონტაქტებზეა პასუხისმგებელი.
უკრაინის ხელისუფლების მიერ მისთვის დაწესებული აკრძალვის გამო, ვიმერი ზაპოროჟიეში დაგეგმილ საერთაშორისო კონგრესზე ვერ ჩავა. ზაპოროჟიე კი ავსტრიის ქალაქ ლინცის პარტნიორი ქალაქია. თუმცა, როგორც თავად ავსტრიელი პოლიტიკოსი ამბობს, ის არ ნანობს.
“უფრო მეტი დრო მექნება სხვა ქალაქებთან თანამშრომლობისთვის, მაგალითად, ჩინეთსა და რუსეთში”, – განაცხადა ვიმერმა.
ვიმერის უკანონო ვიზიტი ყირიმში გააკრიტიკა ქალაქ ლინცის “მწვანეთა პარტიის” ხელმძღვანელმა ურსულა როშგერმა. მისი თქმით, კრემლთან ახლო ურთიერთობით ვიმერი ქალაქის რეპუტაციას ლახავს.