ყინულის დნობის წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებელი ანტარქტიდაზე — ნასას ფოტოები
როგორც წესი, ანტარქტიდა უკიდურესად ცივი ადგილია. თოვლითა და ყინულით დაფარული კონტინენტის ცენტრალური ნაწილის საშუალო წლიური ტემპერატურა -57 გრადუსი ცელსიუსია, სანაპირო ზონების კი -10°C.
თუმცა, 9 თებერვალს, კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ დაბოლოებაზე — ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე მოქმედმა მეტეოროლოგიურმა სადგურმა ჩაიწერა ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც კი ოდესმე ანტარქტიდაზე დაფიქსირებულა, +20,75°C.
წინა რეკორდი 2015 წლის 24 მარტს ფიქსირდებოდა, +17,5°C.
რეკორდულმა სიცხემ აღნიშნულ ზონაში ერთ კვირას გასტანა. შედეგები უბრალოდ შოკისმომგვრელია და კარგად ჩანს ნასას თანამგზავრ ლანდსატ 8-ის მიერ გადაღებულ ფოტოებზე, რომლებზეც ასახულია კუნძული იგლი.
იგლი ციცქნა კუნძულია, რომელიც ანტარქტიდის ნახევარკუნძულის ნაპირთან მდებარეობს. რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო, კუნძულის ყინულის საფარის დიდი ნაწილი გადნა და ზღვაში ჩაიღვარა, ცენტრალურ ზონებში კი ტბორები წარმოიქმნა.
„ალასკასა და გრენლანდიაში მსგავსი ფაქტები გახშირდა, მაგრამ ნადნობი წყლისგან ტბორების ასე სწრაფად წარმოქმნა ანტარქტიდაზე არასოდეს მინახავს“, — ამბობს გლაციოლოგი მაური პელტო.
მისივე თქმით, დნობის მიზეზი — მაღალი ტემპერატურა, სრულიად არ ჯდება ანტარქტიდის ამინდის მახასიათებლებში. თუმცა, ასეთი სამწუხარო მოვლენები ბოლო დროს სულ უფრო გახშირდა.
საერთო ჯამში, სულ რამდენიმე დღეში, 6-დან 11 თებერვლამდე, კუნძულ იგლის თოვლის საფარი 10 სანტიმეტრით, ანუ დაახლოებით 20 პროცენტით გადნა.
აღსანიშნავია, რომ სიცხის ეს ტალღა უკვე მესამეა სამხრეთ ნახევარსფეროს 2019-2020 წლის ზამთრის სეზონზე. ანტარქტიდის ამ რეგიონში განსაკუთრებით თბილი ამინდით გამოირჩეოდა ნოემბერი და იანვარიც.