„ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მმართველობის რეჟიმი სავარაუდოდ, ბოლოჯერ გახანგრძლივდება
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ 2009 წლის შემდეგ მოქმედი სპეციალური მმართველობის რეჟიმი სავარაუდოდ ბოლოჯერ, მცირე დროით გახანგრძლივდება.
აღნიშნულ საკითხზე დღეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ) იმსჯელებს.
როგორც ცნობილია, თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიას ახალი მფლობელი ჰყავს. ამასთან, მოხდა ძველი დავალიანებების გაქვითვა და საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა მორიგებით დასრულდა.
„ახალმა მესაკუთრემ მოგვმართა რეჟიმის ცვლილების მოთხოვნით. ჩვენ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში გავგზავნეთ წერილები დადასტურების თხოვნით, რომ ვალი დაფარულია, მორიგება „ყაზტრანსგაზთან“ საარბიტრაჟო საქმეზე მიღწეულია. წერილების და დადასტურებების ნაწილი უკვე მიღებული გვაქვს. ნაწილს ველოდებით. შესაბამისად, ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება. „ყაზტრანსგაზში“ შესაძლოა, მინიმალური ვადით გავაგრძელოთ სპეცმმართველობა, სანამ ამ დადასტურებებს არ მივიღებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავამ.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 40 მილიონ დოლარად კომპანიამ WALTBAY შეიძინა, რომელიც ქართულ საინვესტიციო ჯგუფ CBS-ს ეკუთვნის.